ხელოვნური განაყოფიერება

გზა „პრობლემატურიდან” მოდელირებულ ბავშვამდე

საქართველოში ოჯახის კულტი იმდენად დიდია, რომ მოსახლეობის 58%, განურჩევლად სქესობრივი კუთვნილებისა, მიიჩნევს, რომ ცუდ ქორწინებაში ყოფნა სჯობს დაუოჯახებლად ცხოვრებას (ACT-ის კვლევა გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” – ფარგლებში. 2013წ.). იგივე საზოგადოება ოჯახის ინსტიტუტის მთავარ დანიშნულებად შვილის აღზრდას მიიჩნევს. ამას ადასტურებს ის, რომ ხსენებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 96%-ის აზრით, ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ცხოვრებაში დედობაა, მამობის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენის მაჩვენებელი კი 85%-ს უტოლდება.

ამ ვითარებაში, ეკლესიის ლიდერი, რომლის ნდობაც მოსახლეობის 95%-ს აქვს (IRI-ის კვლევა, 2013წ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საშობაო ეპისტოლეში სინჯარაში ჩასახულ და სუროგატი დედის მიერ გაჩენილ ბავშვებზე საუბრობს: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”.

განცხადებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რაც საპატრიარქოსთან გამართულ აქციაში აისახა. გაჩნდნენ ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრების მომხრეებიც. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება ჩვენს ქვეყანაში 1999 წლიდან არსებობს, თემა გახდა აქტიური საზოგადოებრივი განსჯის საგანი.

მსოფლიოში კი ეს საკითხი პოპულარული იყო ჯერ კიდევ 1978 წელს, როდესაც ინგლისში პირველი ხელოვნური განაყოფიერებით შექმნილი ბავშვი დაიბადა. ეს იყო პერიოდი, როდესაც კამათი ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ მძვინვარებდა. პროტესტი იყო ძალიან დიდი: „ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდი”, „ევგენიკის თავიდან წარმოშობა”, „მეცნიერების ჭკუაზე შეშლა” – ასეთი შეფასებები გაისმოდა ამ თემის ირგვლივ. თუ საზოგადოების ნაწილისთვის პირველი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვი, ლუიზა ბრაუნი, საუკუნის ბავშვი იყო, მეორე ნაწილი ამ მოვლენას მორალურ უმსგავსობად განიხილავდა. რაც შეეხება ექიმებს, ისინი მოექცნენ კრიტიკის ქარცეცხლში. რომის კათოლიკე თეოლოგებმა მოვლენა ბუნების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასეს. თუმცა კრიტიკა არ შეხებია ბავშვს, ის საზოგადოების თვალში უმანკო დარჩა.

პატრიარქის ეპისტოლეში მთავარი, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა, სწორედ ბავშვების მიმართ დამოკიდებულება იყო. აპროტესტებდნენ ბავშვების დისკრიმინაციას და სტიგმას, მხარს უჭერდნენ დედობის უფლებას და მოუწოდებდნენ ჰუმანურობისკენ. აქციის საპასუხოდ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელიც, როგორც ჩანს, ერთგვარი შერბილება იყო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებებისა. განცხადებაში ვკითხულობთ: „საზოგადოების ერთი ნაწილი გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს, ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ”.

ასე იშვა ამ ბავშვების ხელახალი დისკრიმინაცია – პოზიტიური დისკრიმინაცია. ფსიქოლოგი ლილი ხეჩუაშვილი განმარტავს: „უფრო მეტი სიყვარული სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებს, არის პოზიტიური დისკრიმინაცია. ხდება ყველა ვარიანტში გამორჩევა. როდესაც გამორჩეული ხდები, იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური კუთხით, ორივე შემთხვევაში ცუდია, ხდები სტიგმატიზებული, ამ ყველაფერს კი თან ახლავს დიდი ციკლი სტერეოტიპების, ცრურწმენების... ცრურწმენები ყველაზე მძიმეა, რადგან ისინი შეიძლება აგორდეს პატარა ნაპერწკლიდან”.

ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონი ბავშვია გაჩენილი ინ ვიტრო განაყოფიერებით. განვითარებულ ქვეყნებში შობადობის 1-2% ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგია. საქართველოში კი პირველი სინჯარის ბავშვი 2000 წელს გაჩნდა. რეპროდუქტოლოგ ლუდა ბარბაქაძის თქმით: „ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ხდება კვერცხუჯრედის მიღება ქალის ორგანიზმიდან და მისი განაყოფიერება სპერმატოზოიდით ორგანიზმის გარეთ სტერილურ პირობებში. მიღებული ემბრიონი ინკუბატორის პირობებში ვითარდება 2-5 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მისი ტრანსფერი ანუ გადატანა საშვილოსნოს ღრუში”.

პატრიარქის ეპისტოლეში მთავარი, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა, სწორედ ბავშვების მიმართ დამოკიდებულება იყო. აპროტესტებდნენ ბავშვების დისკრიმინაციას და სტიგმას, მხარს უჭერდნენ დედობის უფლებას და მოუწოდებდნენ ჰუმანურობისკენ.

რაც შეეხება სუროგაციას, ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სხვა, არაბიოლოგიური დედის ორგანიზმში ინერგება და ბავშვი გაჩენის შემდეგ გადაეცემა მშობლებს. გენეტიკურად ბავშვი არის იმ წყვილის, ვისაც ეკუთვნის კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი. რეპროდუქტოლოგ ლუდა ბარბაქაძის ინფორმაციით, „ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად, დაახლოებით 35%-ში ვიღებთ ორსულობას, ეს რიცხვი სხვადასხვა სამედიცინო პრობლემის გამო მცირდება და, საბოლოოდ, 25%-ში იბადებიან ბავშვები”. მომსახურება ძვირადღირებულია და ფასი კლინიკების მიხედვით იცვლება. ინ ვიტრო განაყოფიერების ფასი დაახლოებით 10 000 ლარამდეა, ხოლო თუ სუროგატი დედის მომსახურებასაც გამოვიყენებთ – 20 000 დოლარს აღწევს.

ფსიქოლოგი ლილი ხეჩუაშვილი განაგრძობს: „ეს არის ძალიან ძვირად ღირებული მომსახურება. ხოლო ბავშვის დაბადების მაჩვენებელი იმდენად მცირეა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ფულს იხდიან იმედში, შანსში და არა რეალურ შედეგში. როდესაც წყვილი მიდის ასეთ დიდ რისკზე და ამხელა თანხას, დროსა და ენერგიას დებს იმაში, რომ ჰყავდეს შვილი, ამის მერე რეალურად სწორედ ამ ბავშვს მოაქვს ბედნიერება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მშობლებისთვის უფრო ნაკლებად ტრავმულია ინ ვიტრო განაყოფიერებით გაჩენილი შვილი, ვიდრე სხვისი შვილის შვილება. არაფერი არააეთიკური იმაში არ არის, რომ ცოლ-ქმარმა საკუთარი კვერცხუჯრედით და სპერმატოზოიდით, საკუთარი გენეტიკის შერწყმით შექმნას ბავშვი მედიცინის დახმარებით. ეთიკური საკითხი უფრო მეტად დგება სუროგაციის შემთხვევაში და კიდევ უფრო მეტად – შვილად აყვანის დროს”.

შვილება ბავშვის ყოლის ის ალტერნატივაა, რომელიც პატრიარქმა დალოცა: „სასურველია ბავშვის აყვანა. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ”. ალტერნატივა არაა ხელმისაწვდომი, რადგანაც საქართველოში არსებულ 1200-მდე ბავშვს შორის, რომლებიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, მხოლოდ 20-ია ჯანმრთელი, რომელსაც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბავშვის აყვანის მსურველ წყვილთა რაოდენობა კი 3 000-მდეა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის, მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ეკა სანებლიძის თქმით: „ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმაში, რომელსაც ახლა ვატარებთ, პრიორიტეტული არის ის, რომ ყველა ბავშვი იზრდებოდეს ბიოლოგიურ ოჯახში. რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებები: მინდობითი აღზრდა, მეურვე-მზრუნველობა, გაშვილება ძალაში რჩება, მაგრამ ესენი მეორეხარისხოვანია და მივმართავთ მხოლოდ მაშინ, თუ ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება არ გამოგვივა”.

გარდა ზემოხსენებული 20 გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვისა, კიდევ არის ამ სტატუსის მქონე 40-45 ბავშვი, რომელთა გაშვილება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო ვერ ხერხდება. ეკა სანებლიძის თქმით: „განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, სკანდინავიაში, საერთოდ არ არიან ასეთი ბავშვები, რადგანაც ბიოლოგიური ოჯახები უარს არ ამბობენ მათზე”. მაგრამ ქართულ საზოგადოებაში, სადაც მუდმივად მალავენ საკუთარ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, შშმ ბავშვებს, სახელმწიფოს მხრიდან კი არ არის მოგვარებული ასეთი ბავშვების გადაადგილების პრობლემები, არავის უნდა ასეთი ბავშვის შვილება. მეტიც, საქართველოში არამარტო ავადმყოფი ბავშვების დისკრიმინაციაა, აქ მნიშვნელოვანია დისკრიმინაცია სქესის მიხედვითაც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაცემების მიხედვით, საქართველო, ალბანეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, იმ ქვეყნების ოთხეულშია, სადაც ყველაზე მაღალია სელექციური აბორტები. თუ ბუნებრივად, ყოველ 100 გოგოზე 106 ბიჭი უნდა იბადებოდეს, საქართველოში ბიჭების რაოდენობა ყოველ 100 გოგონაზე 111-ს აღწევს.

სანამ ჩვენ საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვების მომავალ „პრობლემატურობაზე” ვსაუბრობთ, ვარკვევთ, ვის რა სქესის ბავშვი უნდა და, საერთოდაც, როგორ შეიძლება გავხდეთ მშობლები, განვითარებულ ქვეყნებში გენეტიკური დაავადებებისა და დარღვევების ინ ვიტრო დიაგნოსტიკის შედეგად დაბადებულ ჯანმრთელ ბავშვთა გაჩენით ხარობენ და ამ თემასთან დაკავშირებული ეთიკური თუ სამეცნიერო საკითხებით ინტერესდებიან.

ინ ვიტრო განაყოფიერებამ გზა გაუხსნა პრეიმპლანტაციურ გენურ დიაგნოსტიკას (პგდ), რომელიც საქართველოში ჯერ არ არის დანერგილი. პრეინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა ინ ვიტრო განაყოფიერებული ემბრიონის საშვილოსნოში ჩანერგვამდე გენეტიკურ დიაგნოსტიკას გულისხმობს. ემბრიონები მოწმდება მიკროსკოპულად სხვადასხვა გენეტიკურ დაავადებასა თუ დარღვევაზე და საშვილოსნოში ის ემბრიონი გადაიტანება, რომელიც თავისუფალია გენეტიკური დარღვევებისაგან. დიაგნოსტიკის ამ მეთოდით შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული 100-ზე მეტი სხვადასხვა გენეტიკური დაავადება თუ დარღვევა. პირველად პგდ 1989 წელს გენეტიკური დაავადების – მუკოვისციდოზის მატარებელი წყვილის ემბრიონს ჩაუტარეს, რათა ჯანმრთელი ემბრიონი შეერჩიათ, შედეგი წარმატებული გამოდგა და 1990 წელს ჯანმრთელი გოგონა დაიბადა.

იმისთვის, რომ მედიცინა ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეს, საჭიროა ექსპერიმენტების ჩატარება, ექსპერიმენტები კი ტარდება ემბრიონებზე. ემბრიონების კვლევას აქვს დიდი პოტენცია, მოახდინოს სამედიცინო აღმოჩენები, განკურნოს აქამდე უკურნებელი დაავადებები და შექმნას მკურნალობის ახალი მეთოდები. თუმცა კვლევები, რომელიც ემბრიონებზე ტარდება, იდევნება და მათ შესახებ ფართო ეთიკური განხილვები მიმდინარეობს. კვლევები ტარდება იმ ემბრიონებზე, რომლებიც ინ ვიტრო განაყოფიერების დროს აღარ დასჭირდათ და გაყინეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ერთნი სიცოცხლის უფლებას უჭერენ მხარს, მათ თავიანთი მოსაზრებების საფუძვლად უდევთ რწმენა, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება მაშინ, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერდება. ამგვარად, ემბრიონი მათ მიერ აღიქმება, როგორც ადამიანი ყველა უფლებით. მათი აზრით, ექსპერიმენტები, რომლისგანაც შეიძლება კვერცხუჯრედს საფრთხე შეექმნას, ეთიკურად გატოლებულია ნაცისტების მიერ სიკვდილის ბანაკებში ჩატარებულ კვლევებთან. სიცოცხლის მხარდამჭერი კონცეფციის მიმდევრებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, კვლევები ემბრიონზე კაცობრიობისთვის რამდენად სასიკეთო იქნება, მათი აზრით, კვლევები არ უნდა გაკეთდეს, თუკი ემბრიონი მოკვდება ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არა ადამიანი, არამედ პოტენციური ადამიანია. თუმცა კამათია იმის შესახებ, თუ როდის იქცევა ემბრიონი ადამიანად. ვარიანტი ბევრია: როცა ბავშვი ადამიანს ემსგავსება, სიცოცხლისუნარიანობის გაჩენისას, დაბადებისას... ისინი მხარს უჭერენ ემბრიონის გამოყენებას კვლევებში, თუ ეს შესაძლებლობას იძლევა განვითარდეს სამედიცინო ცოდნა და გაუმჯობესდეს ადამიანთა ცხოვრება. ამ მოსაზრების მიმდევრები შიშობენ, რომ თუკი მოსახლეობა სიცოცხლის უფლების კონცეფციას აირჩევს, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება ჩასახვიდან იწყება, ეს საფრთხეს შეუქმნის ქალების ხელმისაწვდომობას აბორტსა და კონტრაცეფციაზე.

მიუხედავად ეთიკური დილემისა, მსოფლიო უახლოვდება ტექნოლოგიურ ზღურბლს, რომლის იქითაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ და გადასცენ სასურველი გენები თავიანთ შვილებს. მოდელირებული ბავშვი (designer baby) – ასე უწოდებენ იმ ბავშვს, რომელიც გენების სელექციის შედეგად დაიბადება. გენური ინჟინერიის ექსპერიმენტები უკვე წარმატებით ტარდება თაგვებზე. გენეტიკურ კოდში შესაბამისი გენის ჩასმით მიიღეს სხვადასხვა ტიპის განვითარებული თაგვები.

შედეგად, მივიღეთ ის, რომ თუ თავდაპირველად ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებოდა, ახლა პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის მეშვეობით საშუალებას გვაძლევს, ავირჩიოთ ის სასურველი ემბრიონი, რომელსაც ესა თუ ის გენეტიკური დარღვევა არ ექნება. ამ ყველაფრის მომავალი იმაშია, რომ იმავე პრინციპით ადამიანებს შეეძლებათ ჯანმრთელ ემბრიონებს შორის აირჩიონ ის ემბრიონი, რომელსაც მათთვის სასურველი გარეგნობისა თუ სხვა მახასიათებლის შემცველი გენები აღმოაჩნდება. თუმცა საზოგადოებას გაუჭირდება შეთანხმება სასურველის რაობასთან დაკავშირებით, რადგან მსგავსი კრიტერიუმი არ არსებობს.

კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ მოდელირებული ბავშვი შეიქმნას, შესაძლებელია იყოს ის, რომ ემბრიონის ინჟინერიის შესაძლებლობები არა მარტო დაავადებებთან საბრძოლველად გამოვიყენოთ, არამედ წავიდეს უფრო შორს და ამ მეთოდით გაიზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამაღლდეს ინტელექტი, გაიზარდოს კუნთების მასა... ეს ყველაფერი კი გზას უხსნის ადამიანის მოდგმის ცვლილებებს. შეცვლილი გენები იქნება არა მარტო იმ ბავშვებში, რომლებიც ამ პროცედურების შედეგად დაიბადებიან, არამედ ყოველ შემდგომ თაობაში.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბიოლოგიური მახასიათებლები ძირითადად დამოკიდებულია მრავალი გენის ურთიერთქმედებაზე, გენების აქტიურობა კი – სხვადასხვა პროცესებზე, რომელსაც ადგილი აქვს როგორც ორგანიზმის შიგნით, ასევე მის გარემომცველ სამყაროში. ეს ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებს არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ სრული ეფექტი იმისა, თუ რომელი გენების მოდიფიკაცია როგორ იმოქმედებს ადამიანის თვისებებზე და სხვა ორგანიზმებზე. არ არსებობს ბიოლოგიური სრულყოფილების უნივერსალურად მიღებული იდეალი.

კომენტარები