ხელოვნური განაყოფიერება

სუროგატი დედები

ახალშობილის გაჩენასთან დაკავშირებული დადებითი ემოციები, როგორც ამბობენ, წყვილს ორსულობის პერიოდის ყველა უსიამოვნო მომენტს ავიწყებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბავშვს ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, აჩენს და შემდეგ სამუდამოდ ემშვიდობება. მათ სუროგატ დედებს ეძახიან.

სუროგატ დედებს ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ისინი უშვილო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარებიან და ამისთვის, რიგ ქვეყანებში, სოლიდურ თანხას იღებენ. ზოგან სუროგაცია კანონითაა აკრძალული, მაგალითად – გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიასა და შვეიცარიაში. ისრაელში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში კანონი მხოლოდ კომერციულ სუროგაციას კრძალავს, თუმცა ალტრუისტი სუროგატი დედების დეფიციტის გამო, ამ ქვეყნებში სუროგაცია პრაქტიკულად მკვდარია.

სუროგატთათვის ფულის გადახდა მიღებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კანონმდებლობითაც (1997 წელს მიღებული კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) დაშვებულია. ამასთან, პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით, უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ.

უცხოელ წყვილს, რომელსაც დონორ-სუროგატი სჭირდება და პირველივე ცდაზე იღებს სასურველ შედეგს, მთელი ეს პროცესი 29 ათას დოლარამდე უჯდება: დაახლოებით 12 ათასი დოლარი სუროგატ დედას ეკუთვნის, 1000-მდე – დონორს, დანარჩენი კი მედიკამენტებისა და მომსახურების ხარჯებია. ქართველებს 3-4 ათასით ნაკლების გადახდა უწევთ. თუ წყვილს პირველ ცდაზე არ გაუმართლებს, ხელოვნური განაყოფიერებისთვის თანხის გადახდა ყოველ ჯერზე ახლიდან მოუწევს. ერთი პროცედურა დაახლოებით 3000-5000 ლარი ღირს.

მთავარი, რაც საქართველოში წყვილებსა და დონორებს დისკომფორტს უქმნის, თებერვლიდან ამოქმედებული კანონია: ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს ხელოვნურ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის. სხვა ქვეყნის კანონებისგან განსხვავებით, ეს ანონიმურობის პრინციპს არღვევს – დონორსა და წყვილს ერთმანეთის საპასპორტო მონაცემები გადაეცემათ.

საქართველოში სუროგატ დედებს, წყვილებსა და დონორებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება სამ ორგანიზაციაში ხდება: Human Georgia, New Life Georgia და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის კომპანია. დონორ-სუროგატების შერჩევის კრიტერიუმები თითქმის ყველგან იდენტურია – სუროგატი დედობის მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, ჯანმრთელი, სასურველია ჰყავდეს მეუღლე და ცხოვრობდეს თბილისში, რათა პროცედურებზე სიარული არ გაუჭირდეს. არ უნდა ეტანებოდეს ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტს და არ უნდა უწევდეს ფიზიკური შრომა. აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილები.

Human Georgia-ს დირექტორის, თამარ ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრში დონორ-სუროგატები სპეციალურ ფორმას ავსებენ. დონორები ფოტოსურათსაც ტოვებენ, რადგან ბავშვის გარეგნობას გენეტიკა განაპირობებს. სუროგატების შემთხვევაში ეს აუცილებელი არ არის, რადგან ბავშვს მასთან გენეტიკური კავშირი არ ექნება.

შემდეგ დონორ-სუროგატი ფსიქოთერაპევტთან და ცენტრის დირექტორთან გადის გასაუბრებას. მას ფსიქოლოგიურ გამოკვლევასაც უტარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ სანდოა და მომავალში რომელიმე პროცედურას არ ჩაშლის. ამას ემატება გინეკოლოგის კონსულტაცია და ინფორმირება, თუ რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება და მედიკამენტების მიღება იქნება საჭირო.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც რეპროდუქციული დარღვევის დროს გამოიყენება, ინ ვიტრო (IVF) განაყოფიერებაა. შესაბამისი პროცედურა თბილისის ხუთ კლინიკაში ტარდება. ამ გზით დაბადებულებს „სინჯარის ბავშვებს” ეძახიან, რადგან ემბრიონის წარმოქმნის და განვითარების პირველი ეტაპები ლაბორატორიის სინჯარაში ხდება.

ქალის საკვერცხეების სტიმულაცია, რაც აუცილებელია კვერცხუჯრედის მოსამწიფებლად, საშუალოდ, ორ კვირას გრძელდება. შემდეგ, განაყოფიერების მიზნით, კვერცხუჯრედებს იღებენ და სპერმატოზოიდთან ერთად სპეციალურ სინჯარაში ათავსებენ, სადაც განაყოფიერება ხდება. 2-5 დღეს ემბრიონი ინკუბატორში ვითარდება, შემდეგ კი ჯანმრთელი ემბრიონი საშვილოსნოს ღრუში სპეციალური დრეკადი კათეტერის მეშვეობით გადააქვთ.

ეს მანიპულაცია უმტკივნეულოა და არც განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს. ემბრიონების რაოდენობა დამოკიდებულია მათ ხარისხზე, წყვილის ასაკსა და საშვილოსნოს მდგომარეობაზე. უმეტესად 2-3 ემბრიონი გადააქვთ, რადგან მათი რაოდენობის გაზრდით, დაორსულების ალბათობასთან ერთად, მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკიც იზრდება. სურვილის შემთხვევაში, დარჩენილ ემბრიონებს, ისევე როგორც სპერმას, შემდგომში გამოყენების მიზნით ყინავენ. გადატანიდან 12 დღის შემდეგ უკვე შესაძლებელია გაგება, დადგა თუ არა სასურველი შედეგი. ერთ კვირაში კი ორსულობაზე დაკვირვება ულტრაბგერითი კვლევითაც ხდება.

საქართველოში უშვილოა 15-18%, თუმცა აქედან ხელოვნური განაყოფიერება დაახლოებით 1%-ს სჭირდება. დღესდღეობით, თბილისის კლინიკებში ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულებულ ქალთა ერთიანი ბაზა არ არსებობს, შესაბამისად, პაციენტებს კლინიკის შერჩევისას ერთგვარ რისკზე უწევთ წასვლა. პირველ ცდაზე დაორსულების შანსი 45%-მდეა.

Human Georgia-ს დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში უშვილო წყვილების ბედი ექიმების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან მათ არავინ აკონტროლებს. თამარ ხაჭაპურიძის აზრით, ეს პრობლემაა: კლინიკას შეუძლია სპეციალურად არ დააორსულოს პაციენტი, რათა განმეორებითი ინ ვიტრო ცდა გახდეს საჭირო. მისივე თქმით, ემბრიოლოგს შეუძლია, ერთი პაციენტის გენეტიკური მასალა (კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდი) პაციენტისგან უნებართვოდ მეორე პაციენტის განაყოფიერებას მოახმაროს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, განცხადებითაც აცნობა.

თამარ ხაჭაპურიძე გამოსავალს სავალდებულო ელექტრონული შეტყობინების ფორმის ამოქმედებაში ხედავს – ასეთ შემთხვევაში კლინიკები ვალდებულნი იქნებიან, ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის თითოეული მცდელობისას, ჯანდაცვის სამინისტროს შეატყობინონ პროცესში მონაწილე უშვილო წყვილების პირადი მონაცემები, ასევე დონორისა და სუროგატი დედის მონაცემები და, ამასთან ერთად, შედეგი – დადგა თუ არა ორსულობა.

პაციენტების გენეტიკური მასალის შეცვლის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს კლინიკა ინ ვიტროს ექიმი რეპროდუქტოლოგი, ქეთევან ოსიძე. იგი ირწმუნება, რომ ლაბორატორიებში არევა შეუძლებელია, ყველა პაციენტის გამეტას თავისი ადგილი და შესაბამისი კოდი აქვს, ემბრიოლოგს კი დამხმარე ემბრიოლოგიც აკონტროლებს. გარდა ამისა, სავალდებულოა თითოეული პაციენტის ისტორიის წარმოება – ყველაფერი ფორმა 100-ში იწერება. ელექტრონული ისტორიების დანერგვასთან ერთად კი, პაციენტების მონაცემები მუდმივად, ელექტრონულად განახლდება.

კომენტარები