საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 27-28 თებერვალს შედგება.
ქვეყნის პირველი პირი ერევანში თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის ლიდერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, ტიგრან სარქისიანის სამუშაო სადილი გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მეორე დღეს პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.





