საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

აბაშიძე: კარასინთან პრემიერის ან პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრაზე ვისაუბრებ

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის საკითხი განიხილება. აღნიშნულის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მოგეხსენებათ, რომ რუსეთისგან გამოითქვა მზაობა ამ შეხვედრისათვის. ჩვენი ხელისუფლების მხრიდანაც დადასტურდა ასევე მზაობა, რომ შეხვედრა უნდა შედგეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებას.

ეს უნდა იყოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული კარდინალური სირთულის საკითხები. ამგვარი შეხვედრა საჭიროებს ძალიან სერიოზულ მომზადებას.

პრინციპი ასეთია, რომ შეხვედრაზე განხილულ უნდა იყოს მთავარი საკითხები. მეორეხარისხოვანი საკითხები - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპოტო კავშირებისა, თუ სხვა ჰუმანიტარულ-კულტურული ხასიათის პრობლემები ჩვენ განვიხილეთ და განვიხილავთ, მაგრამ უმაღლეს დონეზე უნდა განვიხილოთ რთული საკითხები. " - თქვა აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, კარასინთან ყოველი შეხვედრის წინ "უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა".

"ყოველი ჩვენი შეხვედრის წინ, ასეთი უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო ზოლზე განახლდება ხოლმე მავთულხლართების დამონტაჟება. ამჯერადაც ასე მოხდა, სამწუხაროდ. სიახლე ის არის, რომ ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღეს დაიწყო მავთულხლართების მონტაჟის განახლება," - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები