უკრაინა

სააკაშვილი მაიდანზე: არ მისცეთ საშუალება პუტინს მოგპაროთ გამარჯვება

Reuters

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევის მაიდანზე სიტყვით გამოვიდა. მან უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და გამარჯვება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა უკან არ უნა დაიხიოს და ქვეყანაში რადიკალური რეფორმები გაატაროს.

"მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე, განსაკუთრებით წამებულების, ზეციური ასეულის წინაშე... ისინი არიან წამებულები არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ისინი იანუკოვიჩმა და მისმა რუსმა მბრძანებლებმა მოკლეს, მაგრამ ისინი მარად იცოცხლებენ უკრაინელების, ქართველების, მოლდოველების, აზერბაიჯანელების, რუსებისთვის, რომლებსაც სურთ იყვნენ თავისუფალი ადამიანები თავისუფალ ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და მაიდანზე დაღუპული საქართველოს მოქალაქეებიც გაიხსენა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მაიდანმა "გაუგზავნა სიგნალი მთელ მსოფლიოს, რას შეიძლება მიაღწიონ თავისუფალმა ადამიანებმა. თქვენ შეცვალეთ ყველა ჩვენგანი, ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ შეწყვიტა არსებობა აქ, მაიდანზე".

სააკაშვილის განცხადებთ, უკრაინულ საზოგადოებას უფრო რადიკალური მოქმედებები დასჭირდება, ვიდრე 2004 წლის რევოლუციის შემდეგ. "დარწმუნებული ვარ, ვერავინ შეძლებს ამჯერად თქვენი გამარჯვების მიტაცებას, დარწმუნებული ვარ, რომ ქუჩაში გამოჩენილ მამაცობას მოჰყვება რადიკალური რეფორმები, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ. იყავით ფრთხილად, არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიოთ, არ მისცეთ საშუალება პუტინს, მოგპაროთ გამარჯვება", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

"სამასი წელი უკრაინელები, ქართველები, სხვა ხალხები სხვა ქვეყნების გულისცემას უსმენდნენ... მათი ბედი სხვა დედაქალაქებში წყდებოდა. მაგრამ ახლა ევროპის გული ძგერს არა ბრიუსელში ან ბერლინში, ევროპის გული ძგერს კიევში... ამ მაიდანზე თქვენ გააკვირვეთ მთელი მსოფლიო. მოდით გააკვირვეთ კიდევ ერთხელ - ააშენეთ თავისუფალი, წარმატებული უკრაინა, სამუდამოდ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები