საარჩევნო კოდექსი

ISFED, TI და საია მთავრობას საარჩევნო კოდექსის სრულყოფისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, საარჩევნო კოდექსის დამტკიცებისას მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მეტი მზაობა უნდა გამოხატოს მასშტაბური ცვლილებებისთვის, ვინაიდან მხოლოდ ბარიერის გაზრდა სისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს. 

"მმართველი ძალის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლების არჩევნებისთვის 33%-იანი ბარიერი წესდებოდა, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიზიარებდით და ყველა არჩევითი თანამდებობის პირისთვის (გამგებლები/მერები) 50%-იანი ბარიერის დაწესებას ვითხოვდით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაცილებით უფრო კომპლექსური ხასიათისაა და საარჩევნო სისტემის სრულად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობას, ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების პროპორციულად ასახვასა და გარდასახვას პარტიის მანდატებში, ანუ პროპორციულობის პრინციპი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პრინციპი, დარღვეულია ამ სისტემაში. გარდა ამისა, მაჟორიტარები აირჩევიან არათანაბარი ზომის საარჩევნო ოლქებში, რაც არღვევს ერთი ხმის თანასწორობის პრინციპს, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი დემოკრატიული არჩევნების", - ამბობს ნინო ლომჯარია. 

კომენტარები