გეგუთის ციხე

ომბუდსმენი გეგუთის ციხის მოვლენების გამოძიებას მთავარ პროკურატურას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს და გეგუთის ციხეში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს.

"2014 წლის 6 თებერვალს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მასობრივი პროტესტის შესახებ. იმავე დღეს, პროტესტის გამომწვევი გარემოებების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის რწმუნებულები მივიდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს და გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს. საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულების ი.ტ-ს და ი.ხ-ს მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებების კვალი. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 (გეგუთის) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და საქმე აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, გეგუთის კოლონიაში დაახლოებით 800 პატიმარი 7 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 46-მა მათგანმა სხეულის თვითდაზიანებაც მიიყენა, რის გამოც მათი კლინიკებში გადაყვანა გახდა საჭირო. მსჯავრდებულების მტკიცებით, პროტესტი გეგუთის კოლონიაში ორი პატიმრის ცემის გამო დაიწყეს. ისინი ციხის ადმინისტრაციის შეცვლას და დასჯას ითხოვდნენ.

შიმშილობის პარალელურად, ციხესთან პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები. სასჯელაღსრულების მინისტრი გეგუთის ციხეში განვითარებულ მოვლენებს და ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს "ძველი ბიჭების ძმაკაცებს" უკავშირებდა. სოზარ სუბარის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

კომენტარები