გეგუთის ციხე

ღარიბაშვილი გეგუთზე: გარედანაც არის მსგავსი პროვოკაციები მხარდაჭერილი

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია და ამ ინფორმაციას ამოწმებენ, რომ საწუხაროდ, ხშირ შემთვევაში გარედანაც არის მსგავსი პროვოკაციები მხარდაჭერილი სხვადასხვა ოდიოზური პიროვნებების მიერ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გეგუთის ციხეში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა და იქ მიმდინარე მოვლენებს "მცირე ინციდენტი" უწოდა.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც პატიმრები ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ. თვითდაზიანებას ვგულისხმობ. სახალხო დამცველმა თვითონ ნახა, ერთ-ერთი პატიმარი ამბობდა, რომ ის იყო საშინლად ნაცემი იყო და ამ დროს, თვითონ სახალხო დამცველის მიერ იქნა ის ადამიანი შემოწმებული, გამოკითხული და მასზე არავითარი ზეწოლა არ იყო განხორციელებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ის პიროვნება დაისჯება, ვინც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ხელოვნურად აწყობს. "ჩვენ გავათავისუფლეთ 15 ათასზე მეტი პატიმარი. ვინც დარჩა საპატიმროებში, ამ ადამიანებმა უნდა მოიხადონ სასჯელი და მათ უნდა ახსოვდეთ მთავარი, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წერტილი დაესვა პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას. არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საპატიმროებში. თუ რაღაც ცემას ჰქონდა ადგილი ან ძალის გადამეტებას,  ეს ფაქტი დაუყოვნებლივ იყო გამოძიებული. ამიტომ ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოზარ სუბარმა პატიმრებს "ჯოჯოხეთი სამოთხედ გადაუქცია": "მე ვუსმენდი სოზარ სუბარს და ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო მოსასმენი, როდესაც ადამიანი ისეთი პათოსით მესაუბრებოდა პატიმრების კვებაზე და გაუმჯობესებაზე, რომ არ არსებობს ამ ადამიანს ემოცია არ ჰქონდეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ციხე გახსნილი და გამჭვირვალეა. "მე მესმის მათი ემოციურობის, მე მესმის რომ მათ უნდათ, რაც შეიძლება მალე გავიდეს დრო, მაგრამ დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და თუ ჩაიდენს დანაშაულს, სასჯელი უნდა მოიხადოს საპატიმროში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო ვერ იმოქმედებს ამა თუ იმ პატიმრის რადიკალური გამოხტომების მიხედვით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ასეულობით პატიმარი გეგუთის ციხეში შიმშილობს. ისინი ციხის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების გეგუთის #14 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული თვითდაზიანებებით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები