გეგუთის ციხე

სუბარი: გეგუთის ციხესთან აურზაურს ე.წ. ძველი ბიჭების ძმაკაცები ქმნიდნენ

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრი გეგუთის ციხეში განვითარებულ მოვლენებს და ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს "ძველი ბიჭების ძმაკაცებს" უკავშირებს. სოზარ სუბარის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გეგუთში ამ დროისთვის სიმშვიდეა და როგორც "არაფრის გამო დაიწყო არეულობა, ისე არაფრის გამო დასრულდა".

"რამდენიმე ათეული ადამიანი, არა მშობლები, არამედ შიგნით მყოფი ძველი ბიჭების ძმაკაცები მოდიოდნენ და გარეთ ქმნიდნენ აურზაურს, მაგრამ გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გარეთ კანონი დაარღვიეს, სასწრაფოებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ჩადენილი არავის ეპატიება. როდესაც ავადმყოფი ადამიანი გადის გარეთ და ამ დროს ვიღაცა სასწრაფოებს გზას უკეტავს, ეს დანაშაულია. ამ ადამიანების მიმართ კანონი ძალიან მკაცრი იქნება", - თქვა სუბარმა.

სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება იმ თანამშრომლებზეც იმუშავებს, რომლებიც შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და აქეზებდნენ პატიმრებს თუ მათ ოჯახებს.

"ძველი თანამშრომლების ძალიან დიდ რაოდენობას არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეებში. ისინი შეჩვეული იყვნენ უწესრიგობას, წამებას, ფულის გაკეთებას და დღეს ამის გაგრძელება სურთ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. სწორედ ისინი იყვნენ მთავარი დამნაშავეები ამ პროცესში, ძალიან ბევრი თანამშრომელი ჩართული იყო პროცესში. კორუმპირებული კორუმპირებულია, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაინიშნენ ისინი. უმრავლესობა ძველი თანამშრომელია, რადგან 4 ათასი კაცის ერთ დღეში გაშვება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ახალი მიღებულიც იყოს", - აღნიშნა სუბარმა.

გეგუთის კოლონიაში დაახლოებით 800 პატიმარი 7 დღის განმავლობაში შიმშილობდა. რამდენიმე დღის წინ, 46-მა მათგანმა სხეულის თვითდაზიანებაც მიიყენა, რის გამოც მათი კლინიკებში გადაყვანა გახდა საჭირო. მსჯავრდებულების მტკიცებით, პროტესტი გეგუთის კოლონიაში 2 პატიმრის ცემის გამო დაიწყეს. ისინი ციხის ადმინისტრაციის შეცვლას და დასჯას ითხოვდნენ.

შიმშილობის პარალელურად, ციხესთან პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილი.

კომენტარები