ვითარება უკრაინაში

ხიდაშელი უკრაინაზე: არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხზე გაიმარჯვებს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დეპუტატი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და თქვა, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხზე გაიმარჯვებს.

"ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება, არის აბსოლუტურად მოუთმენელი, არის აბსოლუტურად აუტანელი. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხზე გაიმარჯვებს. არცერთ ქვეყანაში ასეთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა იანუკოვიჩმა გაკვეთილები ვერ ისწავლა - ვერ ისწავლა გაკვეთილები საკუთარ ქვეყანაში და ვერ ისწავლა გაკვეთილები მისი მეზობელი ქვეყნისგან. ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ეყო ძალა, რომ საკუთარ ძალაუფლებას კი არ გადაფოფინებოდა, არამედ საკუთარი ხალხის არჩევანისთვის ეცა პატივი", - თქვა ხიდაშელმა.

დეპუტატი ოპოზიციონერ კოლეგებსაც გამოეხმაურა და მათი მისამართით აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა 7 ნოემბერს და 26 მაისს.

"სწორედ ასე იბრძვის ყველა ხალხი, როცა მისი ხელისუფლება მთავარ ხაზს, საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს და განწყობებს ასცდება. ეს განწყობა ყოველთვის თავისუფლებისკენ არის მიმართული და ყველა, ვინც მოსახლეობის თავისუფლებისადმი სიყვარულს ებრძვის, ყოველთვის მარცხდება", - თქვა ხიდაშელმა.   

ხიდაშელი იმედოვნებს, რომ "მსოფლიოს ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება უკრაინაში წარმოქმნილი პრობლემის დასრულება".

კომენტარები