აქციები უკრაინაში

კიევში გაზეთ Вести-ს ჟურნალისტი მოკლეს

ვიაჩესლავ ვერემი

კიევში 19 თებერვალს, გამთენიისას უკრაინული ყოველდღიური გაზეთ Вести-ს ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.
გაზეთ Вести-ს ინფორმაციით, ჟურნალისტს გვიან ღამით უცნობმა ნიღბიანებმა ცეცხლი გაუხსნეს. ის მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მიღებული ჭრილობების შედეგად ოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა.

"ექიმები რამდენიმე საათი იბრძოდნენ ვიაჩესლავის სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა, ის საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა. Вести-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ვიაჩესლავის ნათესავებსა და ახლობლებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ სამართალდამცავი ორგანოებისგან, დროულად გამოიძიონ და იპოვონ ჩვენი ჟურნალისტის მკვლელი", - წერს Вести.

გაზეთის რედაქცია მკითხველებს მოუწოდებს, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სასარგებლო იქნება ჟურნალისტის მკვლელის საპოვნელად, გაზეთს გაუგზავნონ.

Вести-ის ინფორმაციით, ვიაჩესლავ ვერემი და გაზეთის IT სპეციალისტი ალექს ლიმარენკო სამსახურიდან ტაქსით ბრუნდებოდნენ. როცა ავტომობილი შუქნიშანზე გაჩერდა, ნიღბიანმა მამაკაცებმა ავტომობილს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, Вести-ს თანამშრომლები და ტაქსისტი მანქანიდან გადაიყვანეს და ცემა დაუწყეს, ბოლოს კი ვიაჩესლავ ვერემის იარაღიდან გულ-მკერდის არეში ესროლეს.

ვიაჩესლავ ვერემი ევრომაიდნის ამბებს პირველივე დღიდან აშუქებდა. მან თვალის ტრავმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ოპოზიციისა და ბერკუტის შეტაკებისას მიიღო, თუმცა, მუშაობას მაინც აგრძელებდა.

ვიაჩესლავ ვერემი Вести-ის წამყვანი ჟურნალისტი იყო. ის ამზადებდა რეპორტაჟებს სოციალურ თემებზე, ასევე, მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებებზე. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

უკრაინის დედაქალაქში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. 

18-19 თებერვალი უკრაინაში აღმოჩნდა ყველაზე სისხლიანი დღეები 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის ჟურნალისტის გარდა, 1 საქართველოს მოქალაქეა, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

უკრაინის დედაქალაქში 19 თებერვალი უქმე დღედ გამოცხადდა, არ მუშაობს მეტრო.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

კომენტარები