აქციები უკრაინაში

უკრაინის შსს-მ ოპოზიციას ულტიმატუმი წაუყენა და დაემუქრა

Reuters

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ულტიმატუმი წაუყენა ოპოზიციას, რომლის მიხედვითაც, კიევის დროით 18:00 საათამდე თუ ევრომაიდნის აქტივისტები არ შეწყვეტენ ძალადობასა და წინააღმდეგობას, ისინი "მკაცრად იმოქმედებენ".

"ოპოზიციონერი ექსტრემისტები ზღვარს გადავიდნენ - ისინი დედაქალაქის ქუჩებში კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, ძალადობენ ქალებზე, წვავენ სახლებსა და ავტომობილებს, ლიდერები კი ამ დანაშაულებებს ორგანიზებას ტელეფონით უწევენ. ჩვენ ვერ დავუშვებთ კონფლიქტის კიდევ გაგრძელებას. რიგითი მოქალაქეები მოგვამართავენ ხელისუფლებას, დავამყაროთ წესრიგი, სტაბილურობა და მშვიდობა უკრაინაში", - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნულ განცხადებას Украинская правда ავრცელებს. ძალოვანი უწყების განცხადებით, თუ ლიდერები ვერ შეძლებენ სიტუაციის დაწყნარებას, პოლიცია კანონით მინიჭებულ ძალას გამოიყენებს წესრიგის აღსადგენად.

თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა მიმდინარე მოვლენების მიმართ, მოუწოდა ოპოზიციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოფიცერთა სახლი, რომელზეც შტურმი დღეს, 18 თებერვალს განხორციელდა. თავდაცვის მინისტრის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო "საკადრის პასუხს" გასცემს შტურმის განმხორციელებლებს.

უკრაინის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ლესია ორობეცი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფიცერთა სახლში ოპოზიციონერი აქტივისტების შეჭრისას 3 მათგანი დაიღუპა, 7 კი უმძიმეს მდგომარეობაშია. თავის მხრივ, მმართველი რეგიონების პარტიის დეპუტატი ბორის კოლესნიკოვი აცხადებს, რომ კიევში რეგიონების პარტიის ცენტრალურ ოფისზე განხორციელებული შტურმისას პარტიის 2 თანამშრომელი გარდაიცვალა.

კიევში უკვე შეჩერებულია მეტროს მოძრაობა.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი კიევში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა. შულცის განცხადებით, ის მომხდარით შოკირებულია. მისივე განცხადებით, ძალადობა კრიზისის მოგვარების გზა არ არის.

უკრაინის პარლამენტმა დღეს ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესვრიან, საპასუხოდ სპეცრაზმი იყენებს რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს.

ევრომაიდნის აქტივისტებმა შტურმის შედეგად აიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოფიცერთა სახლის შენობა, რასაც ასევე მოყვა სპეცრაზმთან შეტაკება. ოპოზიციონერებმა დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს რეგიონების პარტიის ცენტრალურ ოფისს.

რადიკალურმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია "მემარჯვენე სექტორმა" მობილიზაცია გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ქუჩაში გავიდეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება სპეცტექნიკისა და იარაღის გამოყენებას აპირებს ევრომაიდნის წინააღმდეგ.

კიევის ქუჩებში არეულობა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება.

 

კომენტარები