აქციები უკრაინაში

მსხვერპლი კიევში

არეულობა კიევში
Глеб Гаранич / Reuters

უკრაინის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ლესია ორობეცი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფიცერთა სახლში ოპოზიციონერი აქტივისტების შეჭრისას 3 მათგანი დაიღუპა, 7 კი უმძიმეს მდგომარეობაშია. თავის მხრივ, მმართველი რეგიონების პარტიის დეპუტატი ბორის კოლესნიკოვი აცხადებს, რომ კიევში რეგიონების პარტიის ცენტრალურ ოფისზე განხორციელებული შტურმისას პარტიის 2 თანამშრომელი გარდაიცვალა.

უკრაინის პარლამენტმა დღეს ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესვრიან, საპასუხოდ სპეცრაზმი იყენებს რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს.

ევრომაიდნის აქტივისტებმა შტურმის შედეგად აიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოფიცერთა სახლის შენობა, რასაც ასევე მოყვა სპეცრაზმთან შეტაკება. ოპოზიციონერებმა დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს რეგიონების პარტიის ცენტრალურ ოფისს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოფიცერთა სახლზე განხორციელებული შტურმის შემდეგ განაცხადა, რომ ის ამ ფაქტს "საკადრის პასუხს" გასცემს. უკრაინელ სამხედროებს ამ დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

ოფიცერთა სახლში დაღუპული ოპოზიციონერები. კიევი. 18.02.2014
ფოტო: Vilny Partyzan
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ათეულობით აქტივისტი და სამართალდამცავი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 37 პოლიციელი დაშავებულია, რომელთაგან ხუთს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა რამდენიმე პოლიციელი დაატყვევეს და ცემეს, მოგვიანებით კი გაუშვეს.

რადიკალურმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია "მემარჯვენე სექტორმა" მობილიზაცია გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ქუჩაში გავიდეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება სპეცტექნიკისა და იარაღის გამოყენებას აპირებს ევრომაიდნის წინააღმდეგ.

კიევის ქუჩებში არეულობა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება.

 

კომენტარები