NATO-საქართველოს ურთიერთობა

ქართულმა მხარემ NATO-ს საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენება შესთავაზა

ქართულ არმიას, რომელიც 2015 წლიდან NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება, გადამზადებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1-ის ფორმატში დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გატარებული რეფორმები, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში  საქართველოს წვლილი და NATO-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ევროატლანტიკურ ალიანსს, აისაფის მისიის დასრულების შემდეგ სამხედრო ტვირთების გადასატანად, საქართველო სატრანზიტო დერეფნად გამოყენება შესთავაზა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომამდე შეხვედრა გაიმართა თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეხვედრისას განიხილეს ალიანსისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობები. კნუდ ბარტელსმა დადებითად შეაფასა საქართველოს როლი ნატოს პროგრამებში და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”დღეს აქ ვართ იმისათვის, რომ განვიხილოთ საქართველოს და ნატოს მომავლი თანამშრომლობა. მინდა აღვნიშნო საქართველოს წვლილი აისაფის მისიაში და ასევე 2014 წლის შემდგომი თანამშრომლობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მისიაში. მინდა ჩემი მწუხარება გამოვთქვა იმ სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ. ეს სამხედრო ჩართულობა არის ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მისწრაფების კიდევ ერთი დადასტურება. ბატონ მინისტრთან საუბრისას მე გამოვიტანე დასკვნა, რომ საქართველო აგრძელებს ინტეგრაციის გზას,  შეიარაღებული ძალების რეფორმირებას. ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ასევე თავდაცვის რეფორმის კურსს რათა, შეიქმნას თანამედროვე სამხედრო ძალა. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია” - განაცხადა ბარტელსმა.  

NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი თბილისში დღეს  დასრულდა.

 

კომენტარები