თბილისის ბიუჯეტი

მერია: ვეცდებით, საკრებულოს უმრავლესობის სურვილები გავითვალისწინოთ

Wikipedia

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიის წერილებში ასახული სურვილები გაითვალისწინოს. თვითმმართველი ორგანოს ინფორმაციით, 10 თებერვლის დღის ბოლოს, მერიაში შევიდა საკრებულოს რამდენიმე ფრაქციის და კომისიის ათი სხვადასხვა წერილი.

"ჩვენთვის გაურკვეველია, მთლიანად უჭერს ქართული ოცნების უმრავლესობა ამ წინადადებას მხარს თუ ეს ცალ-ცალკე განსახილველი მოსაზრებებია. საინტერესოა, მაგალითად, ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელები უჭერს მხარს თუ არა ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წინადადებებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე ხაზგასასმელია, რომ დეპუტატები ითხოვენ ჯამში 143 მილიონის მოცულობით სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას ისე, რომ არ უთითებენ თუ რომელ სოციალურ ან/და ინფრასტრუქტურულ პროგრამას უნდა მოაკლდეს ამ ოდენობით დაფინანსება. ამის განხილვა არანაირად არ შეიძლება როგორც შენიშვნები ბიუჯეტის პროექტის მიმართ და მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების სურვილების გამოხატვად შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად ყველაფრისა, თბილისის მერია სრული სერიოზულობით განიხილავს ათივე წერილს და ეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების სურვილები, ისე რომ ამით არ დაზარლდეს თბილისელებისა და თბილისის ინტერესები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თბილისის საკრებულოში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებული სხდომა შედგება, რომელსაც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელებენ საკრებულოს მიერ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებებზე და ამასთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მოისმენენ მოსაზრებებს.
ზაზა გაბუნიას განმარტებით, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საკრებულოს უმრავლესობა გადაწყვეტილებას - დაუჭიროს მხარი 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს თუ უნდობლობა გამოუცხადოს მას.

ზაზა გაბუნიას თქმით, ფრაქციამ - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - თბილისის მერიას გუშინ გადაუგზავნა წინადადებათა პაკეტი, რომელიც შედგებოდა 7 პუნქტისაგან. ეს წინადადებები შეეხება: ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობისა და კვების ხარჯებს, ასევე ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაფინანსებას, უსახლკაროთათვის სოციალური ბინების მშენებლობისათვის სახსრების გამოყოფას, კომუნალური დავალიანების მქონე ადამიანებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, 2012 წლის წყალდიდობით დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხების გამოყოფას, ბიზნესის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის 20 მილიონ ლარამდე გაზრდას და 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიისთვის დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად თანხების გამოყოფას.
ზაზა გაბუნიას თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, თბილისის საკრებულოს სხვა ფრაქციებმაც მოამზადეს ანალოგიური წინადადებები და მერიას გუშინ გადაუგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

ამასთან, საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. 7 თებერვალს კომისიების თავმჯდომარეები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკრებულოს დეპუტატის ნიკო ხაჩირაშვილის თქმით, ისინი ერთიანი პაკეტის შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ, რომელშიც კონკრეტული მიმართულებები იქნება გაწერილი.

კომენტარები