რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კალაძე: ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინს საქართველოს პრემიერიც უნდა შეხვდეს

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არამედ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა შეხვდეს. კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პუტინმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ პრემიერმინისტრთანაც, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული სამუშაოები. ჯერ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს, მაგრამ დიალოგი უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დასარეგულირებლად. პუტინმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ მთავარია, შედგეს დიალოგი. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები. ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ დემარშებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა და რა მივიღეთ ამისგან 2008 წელს, ყველამ კარგად ვნახეთ: აღშფოთებული, შეშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. ევროპისკენ მისწრაფების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების დალაგება რუსეთთან. ამისთვის მნიშვენლოვანია, რომ მთავრობამ, ქვეყანამ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც წლების წინ იყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით მივაღწევთ წარმატებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება არ არის იოლი და ეს ცოტა გრძელვადიან პერსპექტივად მიმაჩნია", - აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის "ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს". მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

კომენტარები