სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

თბილისში სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა გააპროტესტეს

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა ჯგუფმა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა გააპროტესტა. მათ ტრანსპარანტებით და მავთულხლართით მცირე ხნით გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, არ სურთ, ფეხით მოსიარულეებს პრობლემა შეუქმნან, თუმცა, მათი თქმით, სოჭის ოლიმპიადის გაპროტესტება საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია.

მათი შეფასებით, ქართველ სპორტსმენებს ვლადიმირ პუტინის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ან მხოლოდ ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოსულიყვნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს უნდა გამოეცხადებინა პროტესტი სოჭის ოლიმპიადისთვის, რადგან მათი აზრით, რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს სწორედ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გაააქტიურებს.

"როცა სოჭში ტარდება ოლიმპიადა და ერთი ადამიანია ამ ყველაფრის რეჟისორი, საქართველოს ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. იმ ოთხ სპორტსმენზე და სხვა ქართველ დელეგატებზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი. ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს ჩვენი პროტესტი, რომელიც შესაძლოა, რადიკალურია, თუმცა, ეს ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, რათა გამოვფხიზლდეთ და გავაანალიზოთ თუ რა ხდება დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა მომღერალმა ქეთათო ჩარკვიანმა.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია.

ცნობისთვის, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე, რომელიც სიმბოლურად 20:14-ზე დაიწყო, ოლიმპიური თამაშების ხუთრგოლიანი სიმბოლოს ერთი რგოლი არ გაიხსნა.

ოლიმპიადის გახსნაზე უკვე გამოვიდა საქართველოს სპორტული დელეგაცია. ქართველ ოლიმპიელებს მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური უძღვებოდა. 

22-ე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 88 ქვეყნის 2 800 სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ზამთრის 15 სპორტული დისციპლინა შევიდა, რომლებიც ოლიმპიური სპორტის შვიდ სახეობას აერთიანებს. 

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. 

კომენტარები