საარჩევნო კანონმდებლობა

უსუფაშვილი: არასაპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ცვლილებების იმ ვერსიაში, რომელიც პარლამენტშია შესული, რამდენიმე საკითხი გაუმჯობესდება.

"ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა სამი თუ ოთხი გასვლითი შეხვედრა. როდესაც პოზიციების შეჯერების მომენტი დადგა, ცხადია, პარტიები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, თუმცა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე მიმართულებით ეს შეეხება რეგიონულ ტელევიზიებში საეთერო დროს, ფინანსურ საკითხებს იმ პარტიებზე, რომელიც მომავალ არჩევნებში სერიოზულ შედეგებს მიიღებენ, ეს ეხება წარმომადგენლობებს და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები. საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იქნება მიღებული. დარწმუნებული ვარ, ცვლილებების იმ ვერსიაში, რომელიც პარლამენტშია შესული, უკეთესობისკენ გაუმჯობესდება რამდენიმე საკითხი. შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა პარტიის ყველა მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული. მთავარია, პროცესი იყოს ღია", - თქვა უსუფაშვილმა.

ხოლო რაც შეეხება ბარიერს, უსუფაშვილის თქმით, ბარიერი უკვე გადახედილია.

"ბარიერი გადახედილია, არჩევნები, რომელიც არ იყო დაკანონებული, დაკანონდა და შესაბამისად, 70-მდე მერსა და გამგებელს ავირჩევთ პირდაპირი არჩევნების წესით. ნაწილს 33%-იანი ბარიერით ავირჩევთ, ხოლო ნაწილს - 40%-იანი ბარიერით. თავად ბარიერის საკითხი გარკვეულწილად პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თუ ავიღებთ, არის 50%-იანი ბარიერი, არის 33%-იანი, არის 40%-იანი და არის საერთოდ უბარიერო არჩევნები, ანუ, კონკრეტული ერთი რეცეპტი არ არსებობს. უმრავლესობაში შევჯერდით იმაზე, რომ გარკვეული ნეიტრალური ბარიერი არის შემოღებული, სულ უბარიერობას, როდესაც შესაძლოა ძალიან დაბალი პროცენტით გამოცხადდეს პირი გამარჯვებულად, რამაც, შეიძლება გარკვეულ ქალაქებსა და რაიონებში შექმნას პრობლემები, ჯობდა, ერთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა და 33 და 40%-იანი ბარიერის შემოღება. დღევანდელ შეხვედრაზე, კოლეგებმა დასვეს საკითხი გარკვეულ ვარიაციებზე, ანუ იმ ბარიერების შიგნით დამატებითი საკითხების დაზუსტებაზე და მივეცი პირობა, რომ ამ ერთ კვირაში ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები