საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ღარიბაშვილი: საქართველოში შერჩევითი სამართალი არ არის

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოში შერჩევითი სამართალი არ არის  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა FRANCE 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა FRANCE 24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ვანოს მერაბიშვილის საქმეზე ისაუბრა.  

ღარიბაშვილის თქმით, მისი მთავრობის უმთავრესი მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყანად გახდომა და ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მოსახლეობის 95% უჭერს მხარს.

პრემიერმინისტრის თქმით, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ რუსეთთან მიდგომა შეიცვალა.

”ჩვენ ურთიერთობის დარეგულირებას ვცდილობთ. რუსეთმა გაგვიხსნა ბაზარი და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა შეგვიძლია. მაგრამ ამავდროულად ბოლო პერიოდში, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს ვაწყდებით. პრობლემებია საოკუპაციო ხაზზე, სადაც რუსებმა მავთულხლართების გადმოწევა დაიწყეს. ვფიქრობ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის რაღაც დოზით გაუმჯობესებას მივაღწიეთ, ამის მაგალითი სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენაა, თუმცა ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არ ახდენენ გავლენას.” - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა საქართველოში შერჩევითი სამართალის არსებობა უარყო და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ სამართლებრივი საჭიროებაა.

”დავუშვათ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ჩემი პოსტზე ყოფნის მანძილზე დანაშაული ჩავიდინე. უნდა დავისაჯო თუ არა ? ჩემი პასუხია, რომ უნდა დავისაჯო, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ქმედებებზე და კანონზე მაღლა არავინ დგას. ასევე უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც” - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები