სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ყიფიანი: ოლიმპიადაზე წასვლა რთული იყო, მაგრამ სპორტული პრინციპები ვარჩიეთ

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ოლიმპიადებზე ქვეყნის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ყიფიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო სპორტი და პოლიტიკა გაემიჯნათ.

„ეს სპორტსმენები უკვე რამდენიმე წელია ემზადებოდნენ იმისთვის, რომ წარედგინათ თავიანთი ქვეყანა ოლიმპიადაზე. ერთიც არის, რომ ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი სპორტსმენებით წარმოდგენილი, მაგრამ ასეთ შეჯიბრებებზე ქვეყნის დაფიქსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ვარჩიეთ სპორტული პრინციპები და, შესაბამისად, ამ იდეის მომხრე ვართ დღესაც“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების ზომებს იცავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, სადაც ჩართულია ყველა მონაწილე ქვეყანა.

„ამიტომ, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული, მათ შორის, ჩვენი სპორტსმენებისაც“, - განაცხადა ყიფიანმა.

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა დღეს იწყება. ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

კომენტარები