თბილისის ბიუჯეტი

ჯოხაძე: მგზავრობის შეღავათების დასაფინანსებლად სხვა პროექტები გაჩერდება

sazogadoeba.ge

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თებერვლის ბოლოდან 600 ათასი პირის მგზავრობა სხვა პროექტების ხარჯზე დაიფარება. მისივე თქმით, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობამ საქალაქო სამსახურს რამდენიმე პრობლემა შეუქმნა, კერძოდ, დედაქალაქში შეწყდა ავტობუსების შეძენის მიზნით გამოცხადებული ტენდერი. ჯოხაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ავტობუსების შესაძენად ტენდერი თავიდან გამოცხადდება. 

"მე არ ვამბობ, რომ უკვე შეწყვეტილია რაიმე სახის მგზავრობის შეღავათი, მაგრამ სერიოზული პრობლემაა 600 ათასი მგზავრის შეღავათის საკონპენსაციო თანხის გადახდა. თებერვლის ბოლოდან ერთი მეთორმეტედით ამ მუხლის დაფინანსება უკვე ამოწურული იქნება და იძულებული ვიქნებით, გავაჩეროთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და დავაფინანსოთ მგზავრობის კომპენსაციის მუხლი", - აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ. 

ცნობისთვის, საკრებულოში საკრებულოს ფრაქციების - დედაქალაქის და თავისუფლების წარმომადგენლები საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს ხვდებიან.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

კომენტარები