სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

პრეზიდენტის მრჩეველი: საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია ოლიმპიადაზე არ იქნება

telegraph.ge

პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე მხოლოდ სპორტული დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან. პრეზიდენტის მრჩეველმა რუსულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, გამორიცხული არ არის, ვლადიმირ პუტინი სოჭში გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. 

"საქართველო სოჭში წარმოდგენილი იქნება სპორტული დელეგაციით და ოლიმპიური კომიტეტით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება, პუტინის პრესმდივნის განცხადებებზე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - თქვა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია სოჭში ვლადიმირ პუტინის და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სოჭში გამგზავრებასთან დაკავშირებით არ ცვლის.

"ჩვენი პოზიცია ცალსახაა. საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ იქნება არცერთი ფორმით. პრეზიდენტსაც ამ თემაზე ძალიან კონკრეტული პოზიცია აქვს. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა დღეს იწყება. ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ სოჭში იმყოფება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელიც ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის წევრი და სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. 

კომენტარები