ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ეთიკის ქარტია: თავი აარიდეთ ბრალდებულთა ეთნიკური ნიშნით იდენტიფიცირებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს, თავი აარიდონ ბრალდებულთა ეთნიკური ნიშნით იდენტიფიცირებას.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ბეჭდვითი, ისე ონლაინ და სამაუწყებლო მედიაოგრანიზაციები, კრიმინალური შემთხვევების გაშუქებისას, ხაზს უსვამდნენ ბრალდებულთა ეთნიკურ წარმომავლობას. რედაქციები, მათ შორის მაუწყებლების ნაწილი, რომლებსაც ქცევის კოდექსი პირდაპირ მიუთითებს სტიგმის გაძლიერების დაუშვებლობაზე, რედაქტირების გარეშე, ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით კითხულობდნენ შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზს, სადაც ასევე ხაზგასმული იყო ბრალდებულთა ეთნიკური კუთვნილება.

საბჭო მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს გამოიჩინონ მეტი პროფესიონალიზმი და სიფრთხილე მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას და არ დაუშვან ბრალდებულთა ეთნიკური ნიშნით გამოყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეთნიკურობა კავშირში არ არის მომხდარ დანაშაულთან", - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც დღეს, 6 თებერვალს გავრცელდა.

გუშინ, თბილისში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის გაშუქებისას, არაერთმა მედიასაშუალებამ ხაზი გაუზვა დანაშაულში ბრალდებულის ეთნიკურ წარმომავლობას მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო, წინასწარი ინფორმაციით კი, კონფლიქტი პირად დაპირისპირებას მოყვა.

ბრალდებულის ეთნიკურ წარმომავლობაზე ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც იყო გამახვილებული, რაც უცვლელად გაავრცელეს მედიასაშუალებებმა.

კომენტარები