ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქარტია: მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია

მედიაჩეკერი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქარტია ეხმაურება სტუდია მონიტორის მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო მამუკაშვილის მიმოწერის გასაჯაროვებას.  

სტუდია მონიტორის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო NCDC-ს მათთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს. მათ მიერ გამოქვეყნებულ, სავარაუდოდ, ნინო მამუკაშვილის წერილში ვკითხულობთ, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სტუდია მონიტორს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ. 

"გარდა ამისა, 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მერმა qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე უარი უთხრა. ასევე, Qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის დასკვნის გაცემაზე უარი უთხრა რუსთავის მერმაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება. ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაციის არათუ სიმცირეზე, არამედ, ფაქტობრივად, არ არსებობაზე, რაც ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული ფაქტებიც. 

ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გააცნობიერონ საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობა, შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიაწოდონ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ინფორმაციაზე.

ქარტია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, ნუ უქმნიან საფრთხეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და შეცვალონ მიდგომები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით".

კომენტარები