ღარიბაშვილის შეხვედრა რასმუსენთან

რასმუსენი: მესამე ძალის გადასაწყვეტი არ არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. რასმუსენის თქმით, საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია.

"საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია და აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ოპერაციებში. თქვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებთ და დღეს ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას თქვენს ქვეყანაში გასული წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ. საქართველო არის NATO-ს არაწევრი კონტრიბუტორი ISAF-ის მისიაში და ის მიიღებს მონაწილეობას ავღანეთის ძალების საწვრთნელ მისიაში 2014 წლის შემდეგ. საქართველომ ასევე გამოაცხადა, რომ ის წვლილს შეიტანს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების დასახმარებლად 2015 წელს. ეს არის ვალდებულებების შესრულების მნიშვნელოვანი დემონსტრირება. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და თქვენს გვერდით ვართ შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, რომ დავეხმაროთ მათ NATO-ს სტანდარტების მიღწევაში, რათა ისინი შესაბამისად მომზადებული შეხვდნენ თქვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს. ახლა ჩვენი პრიორიტეტია რეფორმების გატარება ყველა სფეროში. მათ შორის, თავდაცვის, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი მმართველობის კუთხით." - თქვა რასმუსენმა.

რასმუსენმა რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს საქართველოს მიმართ აღებული ყველა ვალდებულება.

"ჩვენ შევნიშნეთ უკანასკნელი გადაწყვეტილება ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოების შესახებ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ძალიან შეშფოთებული ვართ ამ გადაწყვეტილებით. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აღებული ყველა ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღობეების და სხვა დაბრკოლებების მშენებლობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ეს უნდა შეიცვალოს. 21-ე საუკუნე არა ღობეების, არამედ ხიდების მშენებლობის დროა." - თქვა რასმუსენმა.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო, საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, NATO-ს წევრი გახდება და ეს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. "იმ სამუშაოთი, რასაც ახორციელებთ, თქვენ NATO-სთან სულ უფრო უახლოვდებით და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, რათა მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს", - აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენმა ასევე თქვა, რომ მესამე ძალის გადასაწყვეტი არ არის, როგორ განახორციელებს NATO თავის ღია კარის პოლიტიკას.

"სამიტზე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი კარი რჩება ღიად ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანა. გაფართოების საკითხი NATO-ს და გაწევრიანების მსურველი ქვეყნების გადასაწყვეტია. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის"- აღნიშნა რასმუსენმა.

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით კი, საქართველომ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ტრანსოფრმაცია განიცადა.

"ჩვენ გვქონდა NATO-საქართველო ურთიერთობების ძალიან კარგი განხილვა. საქართველომ განიცადა ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ტრანსფორმაცია. გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და განაგრძობს მუშაობას, რეფორმებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის სისტემის რეფორმირების კუთხით.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობის საკითხი ავღანეთის მისიაში. საქართველო არის #1 კონტრიბუტორი არაწევრ ქვეყნებს შორის და განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას ოპერაციის დამთავრებამდე. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, განვაგრძოთ კონტრიბუცია 2014 წლის მისიაშიც, რასაც ალიანსი ძალიან აფასებს." - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის ალიანსში ინტეგრაცია კვლავაც ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება. "საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა", - თქვა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები