ღარიბაშვილის შეხვედრა რასმუსენთან

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოსთან არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას.

"აღინიშნა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმალობაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში. კერძოდ, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის ISAF-ის მისიაში. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის შემდგომ NATO-ს საწვრთნელ მისიაში ავღანეთში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ", - წერია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

დღესვე ანდერს ფოგ რასმუსენმა ტვიტერზე დაწერა, რომ "საქართველოში არის განვითარებული დემოკრატია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამო. NATO ეხმარება საქართველოს უსაფრთხოების რეფორმირებაში, რათა NATO-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს. ჩვენი პოზიცია ნათელია: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. საქართველოში ევროატლანტიკურ გაერთიანებაში შესასვლელად ჯერ კიდევ აქვს სამუშაო გასაწევი, მაგრამ საქართველომ უკვე დიდი პროგრესი აჩვენა და დიდად დაუახლოვდა NATO-ს".

კომენტარები