სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

აბაშიძე: სოჭის ოლიმპიადაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ მიუწვევიათ

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სოჭში ოფიციალურად მიწვეული არიან მხოლოდ იმ სახელმწიფოების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ. აბაშიძის თქმით, მათ რიცხვში არ არის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება. მისი ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართულ მხარეს ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

"ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასან დაკავშირებით სწორია. სამწუხაროდ, არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის განცხადება, თითქოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი ოფიციალურად მიწვეულია სოჭის ოლიმპიადაზე, უაღრესად ემოციურად აიტაცა ჩვენი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა, რომლებმაც ამ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფრიად ნაჩქარევი და გაუაზრებელი განცხადებები გააკეთეს”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველოს სოჭში დახვდება განსხვავებული რეალობა, "ოფიციალური თბილისი იტოვებს უფლებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება ქართველი ოლიმპიელებისა და ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად". ზურაბ აბაშიძე ჯერ არ აკონკრეტებს თუ რა იქნება აღნიშნული ადეკვატური გადაწყვეტილება.

კომენტარები