აქციები უკრაინაში

იანუკოვიჩის წარმომადგენელი: პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებზე თანახმაა

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ძალას არ გამოიყენებს და ვადამდელ არჩევნებზე თანახმა იქნება. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენელმა იური მიროშნიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, იანუკოვიჩი ასევე არ განიხილავს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობას.

"პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ პოლიტიკოსები ვერ მოახერხებენ შეთანხმებას და ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, ამ შემთხვევაში ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ასევე, კონსტიტუციის შეცვლა იქნება", - განაცხადა მიროშნიჩენკომ.

თავად პრეზიდენტმა კი თავის საჯარო გამოსვლაში ოპოზიციის ლიდერებს მორიგი ბრალდებები წაუყენა და ისინი ექსტრემიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

"ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ექსტრემიზმს, რადიკალიზმს და სიძულვილის გაღვივებას, რის უკანაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა დგას. ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და ვინმეს რომ ეთქვა ცოტა ხნის წინ, რომ ასეთი რამე მოხდება, არ დავიჯერებდი", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

დღეს, 4 თებერვალს, უკრაინის უმაღლესი რადა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე მსჯელობას განაახლებს. თუმცა, ოპოზიცია და უმრავლესობის წევრები დღის წესრიგის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას მოითხოვენ, რეგიონების პარტია კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი.

 

კომენტარები