შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის შსს: აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროს შენობა დატოვეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო მოძრაობა Спильна справа-ს აქტივისტებმა დაკავებული იუსტიციის სამინისტროს შენობა დატოვეს.

გუშინ გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უკრაინის რადა ამნისტიის კანონს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები დაკავებულ სამთავრობო შენობებს გაათავისუფლებდნენ.

ამ დროისთვის, კიევში უმაღლესი რადას სხდომა მიმდინარეობს, სადაც უკრაინაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში აცხადებდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და რადა 16 იანვარს მიღებულ კანონებს გააუქმებდა.

16 იანვარს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რასაც დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოჰყვა, დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, სხვადასხვა ინფორმაციით, შეტაკებებს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს კი, უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გადადგომის თხოვნით პრეზიდენტ იანუკოვიჩს მიმართა.

კომენტარები