აქციები უკრაინაში

უკრაინის ხელისუფლება 16 იანვარს მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებს გააუქმებს

Reuters

კიევში რამდენიმე საათის წინ დასრულდა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან აწარმოებენ ვიტალი კლიჩკო, ოლეგ ტიაგნიბოკი და არსენ იაცენუკი. მხარეების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დამთავრდა: ხელისუფლება გააუქმებს 16 იანვარს მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რასაც უკრაინაში უკმაყოფილებისა და დაპირისპირების ახალი ტალღა მოჰყვა.

აღნიშნული კანონები შეკრებებსა და მანიფესტაციებზე ანტიდემოკრატიულ შეზღუდვებს აწესებს და მნიშვნელოვნად ამცირებს სიტყვის თავისუფლების ხარისხს.

გარდა კანონების გაუქმებისა, უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამნისტიის გამოცხადების შესახებ, რაც ევრომაიდნის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამართალდამრღვევი აქტივისტების ციხეებიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, ოპოზიციამ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ადმინისტრაციული შენობები.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ЛІГА იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მოლაპარაკებები ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით.
BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოპოზიციური საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ დაკავებული იუსტიციის სამინისტროს შენობა, თუმცა, აქტივისტებს სამინისტრო კვლავ ბლოკირებული აქვთ და შიგნით არავის უშვებენ.

იუსტიციის სამინისტროს შენობის დაკავებას წინ უძღოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მუქარა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნის შესახებ, თუკი ოპოზიცია სამინისტროს შენობას არ დაცლიდა.

ორგანიზაცია Спильна справа-ს ლიდერმა ალექსანდრ დანილუკმა ფეისბუქზე დაწერა, რომ თუ არ დაინიშნება რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, სამშაბათიდან ისინი კვლავ დაიკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს და "აღადგენენ კონსტიტუციურ წესრიგს".

უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ უკრაინა ევროკაშვირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლის გამო არ მოაწერდა.

 

კომენტარები