რელიგიები

ბექა მინდიაშვილი: კონფესიების დაფინანსების კუთხით დისკრიმინაცია მაინც რჩება

ბექა მინდიაშვილი
burusi.wordpress.com

პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნოება და იუდაიზმი დააფინანსოს, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფოს ამგვარი ნაბიჯი, დაფინანსების კუთხით დღეს არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დისკრიმინაცია მაინც რჩება, რადგან დაფინანსებას კვლავაც ვერ მიიღებენ ის რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ასევე გახდნენ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი.

"მივესალმები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ დაფინანსების თვალსაზრისით აღმოიფხვრას დისკრიმინაცია, ვინაიდან აქამდე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილების მიღმა არიან დარჩენილი ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასევე იყო მსხვერპლი საბჭოთა, ტოტალიტარული ათეისტური რეჟიმისა, იქნება ეს იეჰოვას მოწმეები, პროტესტანტულ ეკლესიათა მთელი სპექტრი თუ სხვა. სახელმწიფო ყველა რელიგიურ გაერთიანებას თანასწორად უნდა მოეკიდოს და არ უნდა გამოარჩიოს ისინი ტრადიციულობისა თუ სიმრავლის მიხედვით. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისკრიმინაცია მაინც რჩება, ოღონდ ეს ეხება უკვე პროტესტანტულ ჯგუფებს, ეზიდურ თემს და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ საბჭოთა პერიოდის განმავლობაში," - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

კომენტარები