საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

არასამთავრობოები: GPB-ის მეურვეობის კანდიდატები ისევ ძველმა კომისიამ შეარჩიოს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, პარლამენტმა ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ნება - გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან. ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსი ძველი კომისიის შემადგენლობით ჩაატაროს. 

"2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა ჩაატარა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პროფესიონალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი კანდიდატებისგან დაკომპლექტება ამ პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ამ პროცესის მნიშვნელობას ხაზს უსვამს არამხოლოდ საზოგადოების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღება, არამედ დიპლომატიური კორპუსის განცხადებებიც, რომლებიც მიესალმებოდნენ საზოგადოებრივი საკონკურსო კომისიის გამჭვირვალე საქმიანობას და აღნიშნავდნენ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების აუცილებლობას შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან", - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, რადგან საქმიანობა ღიად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა.

"კომისიის საქმიანობის ხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27-კაციან სიაში, რომელიც პარლამენტსა და უფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული პროცესებისადმი გარკვეული უნდობლობა ჩამოუყალიბდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭოს სახით, არამედ ის, თუ როგორ ირჩევა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები. სამწუხაროდ, კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოობის მოპოვების შემდგომ, პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინა საკუთარი ნება გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კომისიის მიერ საქმიანობის დაწყების პირველ დღეებში, მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებები კონკურსის ვადის გახანგრძლივებასა და კანდიდატობის მსურველებისათვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემის შესახებ, უმცირესობის დეპუტატთა მიერ კანდიდატთა დასახელების შემდგომ საკუთარი ხმების უკან გამოთხოვის პრეცედენტები, კენჭისყრის პროცესის მეორე ეტაპზე ხმის მიცემისას დამდგარი შედეგი, სადაც არ იკვეთება სუბიექტებს შორის კონსენსუსის მიღწევის მცდელობა - მიუთითებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების სულისკვეთების უგულებელყოფას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სუბიექტებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობა და მეტი პლურალიზმი მის საქმიანობაში", - აცხადებენ არასამთავრობოები და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში ჩატარება.

"ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტს, მიიღოს დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, მათ შორის, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოსახლეობის შეუფერხებლად და თავისუფლად ინფორმირების მიზნით", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და მედიის განვითარების ფონდი.

ცნობისთვის, 23 იანვარს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებიდან მხარი ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა. გაფრინდაშვილის კანდიდატურა 117 ხმით 0-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, გენო გელაძის კანდიდატურა კი, 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 45 წინააღმდეგ წავიდა.

უმცირესობა ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის წამოყენებას ცდილობდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურის წარმოდგენისას, მაუწყებლის შესახებ კანონით დადგენილი წესები დაირღვა. უმცირესობამ ჯავახიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება ორი დღის წინ დაასრულა.

27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე კი, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩა. მაშინ უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, ხოლო უმცირესობამ ორი კანდიდატი წარადგინა. მათ სამ-სამი კანდიდატის დასახელება შეეძლოთ.

კომენტარები