გიგი უგულავას საქმე

წულუკიანი: სასამართლოზე ზეწოლა რომ ყოფილიყო, უგულავა ციხეში იჯდებოდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღმკვეთი ღონისძიების სახით თბილისის მერს გირაო შეუფარდა და მას უფლებამოსილება შეუჩერა, პოლიტიკურად მოტივირებულ არ ყოფილა.

"შეიძლებოდა მოსამართლეს პატიმრობა გამოეყენებინა, არ გამოუყენებია. ეს იმას მოწმობს, რომ დღეს მოსამართლეზე ვერავინ ახდენს გავლენას. მე გამოვრიცხავ ყველანაირ ზეწოლას. ზეწოლა, რომ ყოფილიყო, დღეს გიგი უგულავა იქნებოდა ციხეში. ის არ ზის ციხეში, მას აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, რადგან მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ", - განაცხადა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში.

მინისტრის განცხადებით, „ქართველებმაც და უცხოელებმაც უნდა გაითავისონ, რომ სასამართლო არის თავისუფალი".

21 დეკემბერს თბილსის საქალაქო სასამართლომ, ძველი თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. გვიან ღამით კი, ზეპირი მოსმენის გარეშე, დედაქალაქის მერს უფლებამოსილება შეუჩერა. გიგი უგულავამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ სასამართლოზე ზეწოლას შსს-სა და პროკურატურის მაღალჩინოსნები ახდენენ.

კომენტარები