სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

მარგველაშვილი: პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ოლიმპიურ პროცესს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადაწყვეტილების გადასინჯვას არ აპირებს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ოლიმპიადა მშვიდად ჩაივლის.

"როცა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს მიეღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ პატივს ვცემთ ოლიმპიურ პროცესს. ოლიმპიური სულისკვეთება პოზიტივის შემომტანია მთელი კაცობრიობისთვის და არა მარტო იმ ქვეყნისთვის, სადაც ის ტარდება. იმედი მაქვს, ეს ოლიმპიადა ჩაივლის უაღრესად მშვიდად. ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ პროცესში იყოს აქტიურად ჩართული. ჩვენ ვღელავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მიაღწევენ ჩვენი სპორტსმენები, ამავე დროს, გვაღელვებს ის, რომ ეს იყოს მშვიდობიანი პროცესი. ამ ეტაპზე რაიმე გადასინჯვა ამ პოზიციისა, რომ ჩვენ არა კონკრეტულად ამ სახელმწიფოს, არამედ ოლიმპიურ პროცესს ვუჭერთ მხარს, არ არსებობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ბევრი მსოფლიო ლიდერი არ დაესწრება. მათ შორის არიან გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები. თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ მიზეზები, თუ რატომ არ დაესწრებოდნენ ოლიმპიადას. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კი განაცხადა, რომ ზამთრის თამაშებს პოლიტიკური მიზეზების გამო არ დაესწრება.

სოჭში არ გაემგზავრებიან ასევე ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერმინისტრები. გადაწყვეტილება სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრების შესახებ ჯერ არ მიუღია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.

კომენტარები