პრეზიდენტის შეხვედრა არასამთავრობოებთან

გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრის მონაწილეები დისკუსიის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ ისინი პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხს განიხილავენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოწმეთა დაკითხვის წესზე ისაუბრებს.

"დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რაც გაგვაჩნია სხვადასხვა მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, სხვადასხვა ინიციატივებზე, რომელიც განიხილება დღეს პარლამენტში. თვითმმართველობის კოდექსზეა საუბარი, ასევე საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც სულ ცოტა ხანში დაიწყება და აქაც, შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივები იქნება. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვინდა ვისაუბროთ მოწმეთა დაკითხვის წესზე", - თქვა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, შეხვედრაზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენებზე ისაუბრებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

"განვიხილავთ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობისა და განვითარების მხრივ არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. მე სწორედ ამ თემებს შევეხები, ეს იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობები, არჩევნები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და ა.შ.", - აღნიშნავს ლომჯარია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით კი, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტის უფლებამოსილება ბევრად შემცირდა, პრეზიდენტი მაინც სახელმწიფოს მეთაურია, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები.

"ის მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებაში, გავლენას ახდენს საკანონმდებლო პროცესზე, იმიტომ რომ მას აქვს ვეტოს უფლება, რაც კონსტიტუციონალიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია სხვადასხვა ხელისუფლების დაბალანსების. ჩვენ, რიგ შემთხვევაში, შეიძლება გვქონდეს კიდეც მოლოდინი, რომ პრეზიდენტი იმ კანონპროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის არ არის მისაღები, ვეტოს დაადებს. მაგალითად, მოწმეთა დაკთხვის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებდა", - ამბობს კოჟორიძე.

ხოლო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე გიორგი მარგველაშვილთან საგარეო ურთიერთობებზე საუბარს აპირებს.

"გვინდა, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც მისი როლის გათვალისწინებით ადეკვატურია. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო ურთიერთობები და განსაკუთრებით, ევროკავშირი. მინდა ხაზი გავუსვა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ანტიდისკრიმინაციული კანონის შემუშავების პერსპექტივებს საქართველოში, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს", - ამბობს მენაბდე.

პრეზიდენტი კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

კომენტარები