პრეზიდენტის შეხვედრა არასამთავრობოებთან

არასამთავრობოები: პრეზიდენტის თქმით, უკრაინაზე მკაფიო პოზიციას ვერ გამოხატავს

გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქვეყანაში მიმდინარე საკითხები განიხილა. პრეზიდენტის თქმით, მან შეხვედრაზე მიიღო დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. 

“შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო. ბევრი საკითხი, რომელზეც მანამდეც ვიყავი ინფორმირებული, უფრო დეტალურად გავიარეთ, ბევრ ახალ საკითხსაც შევეხეთ. ასეთი შეხვედრები პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, არ დაკარგოს კავშირი საზოგადოებასთან, არ დაკარგოს კავშირი ხალხთან და უფრო დეტალურად იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, რა მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სამოქალაქო სექტორში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. თუმცა, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო ფრთხილი უნდა იყოს შეფასებებში.

"მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ უკეთესი იქნებოდა, ღიად დაეფიქსირებინა აზრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ღიად დაეჭირა მხარი უკრაინელი ხალხის ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებისთვის. პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ის, როგორც პრეზიდენტი, ვერ დააფიქსირებს თავის აზრს. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო ფრთხილი უნდა იყოს შეფასებებში", - აღნიშნა ლომჯარიამ.

"ჩვენ ვთქვით, რომ პრეზიდენტს უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, გასაგებია ის, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ქვეყნის ხელმძღვანელი და, შესაბამისად, მისთვის ძალიან რთული იქნება, რომ ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის მიმართ გარკვეული სენტიმენტები გამოხატოს. ამ შემთხვევაში, ალბათ საუბარი უფრო იმაზე უნდა იყოს, რომ ქვეყანაში კრიზისია, ადამიანები იღუპებიან, დაშავებულები არიან და, შესაბამისად, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა არის აღშფოთებული", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა კონსტრუქციული და მეგობრული იყო.

"გავიგეთ ჩვენს ხედვებზე პრეზიდენტის პოზიცია, ჩვენ აბსოლუტურად თავისუფალი ვიყავით ჩვენი მოსაზრების გამოთქმაში, იყო მსჯელობა გარკვეულ საკითხებზე. ვნახოთ, მომავალში შევძლებთ თუ არა კონკრეტულ მოსაზრებებზე ჩვენი გავლენის  მოხდენას", - აღნიშნა გიგაურმა.

კომენტარები