დავოსის ეკონომიკური ფორუმი

საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, დავოსში მიემგზავრება

დავოსის ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

"ჩვენ თუ გავიხსენებთ შარშანდელ ფორუმს, ზუსტად მანდ მოხდა ინდურ კომპანია ტატა ჯგუფთან, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და განეხორციელებინათ ჰიდროელექტროსადგურების პროექტი. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც საინტერესო შეხვედრები ექნება პრემიერს და დარწმუნებული ვარ, ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია. მე ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან არიან გააქტიურებული ჩვენი ქართველი ბიზნესმენები ინვესტიციების განხორციელების კუთხით. მაგალითად, ენერგეტიკაში. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რაც შეიძლება მეტი ქართველი ბიზნესმენი იყოს დაინტერესებული ამ დარგით", - აღნიშნა კალაძემ.

რიგით 44-ე ფორუმი 22-25 იანვარს გაიმართება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე – ევრაზია: შემდეგი ზღვარი და სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს. 

სესიას საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად დაესწრება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სესიებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება დისკუსია. 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს, მათ შორის არიან: შვეიცარიის კონფედერაციისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე საუდის არაბეთის პრინცი ტურკი ალფაიზალი. 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვედრებს გეგმავს მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებთანაც. დაგეგმილია შეხვედრა ჯორჯ სოროსთან. 

ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებას. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთვება ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში და ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია BBC-ს, CNN-ს და სააგენტო BLOOMBERG-ს. 

კომენტარები