რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი რუსეთის მიერ სასაზღვრო ზოლის გაფართოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.

"გვინდა, გამოვთქვათ შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არის არა უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი, არამედ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა", - აღნიშნავს პრეზიდენტი. მისივე თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს.

"აქვე გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში", - თქვა მარგველაშვილმა.

რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონა იმოქმედებს. მიზეზად სოჭის ოლიმპიადის დროს უსაფრთხეობის ზომების გამკაცრება სახელდება.

კომენტარები