ახალი პროკურორის დანიშვნა

ომბუდსმენი: მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მოლოდინი დიდია

news.ge

სახალხო დამცველი ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნას აფასებს და გიორგი ბადაშვილის მიმართ არსებულ მოლოდინებზე საუბრობს.

"მოსახლეობის მოლოდინი დიდია. მიმდინარეობს ბევრი საქმის გამოძიება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია უდანაშაულობის პრეზუმფციის და კანონის უზენაესობის განხორციელება, რაც ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი და მთავარი მნიშვნელოვანი ნიშანია. ამიტომაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე ელემენტი მაქსიმალურად იყოს დაცული ახალი მთავარი პროკურორის მუშაობის პერიოდში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა მთავარი პროკურორის რთულ მემკვიდრეობაზეც ისაუბრა. ნანუაშვილის თქმით, მთავარმა პროკურორმა საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მოახდინოს გარკვეული ბალანსის შენარჩუნება, რომელიც ბევრ გამოსაძიებელ საქმეს უკავშირდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი გუშინ დანიშნა. "ბადაშვილის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები