აქციები უკრაინაში

BBC: კიევში შეტაკებები განახლდა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი მოკლულია

მოკლული აქტივისტი კიევში
BBC

უკრაინის დედაქალაქში სპეცრაზმმა ბარიკადების დაშლა და აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასიკვდილოდ დაიჭრა. უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ მთავრობა გამოიყენებს ძალას, თუ არ შეწყდება კიევის ცენტრში ორი დღის წინ დაწყებული შეტაკებები.

უკრაინული გამოცემა Kyiv Post-ის ცნობით, მოკლულ აქტივისტს თავის არეში ოთხი ნატყვიარი აქვს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, რომ ის სავარაუდოდ სპეცრაზმელის ტყვიას ემსხვერპლა, თუმცა, აღნიშნული ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციისა და აქტივისტების შეტაკებისას, გრუშევსკის ქუჩაზე იმყოფებოდა.

კიევში უკვე მესამე დღეა ბერკუტსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქტივისტები სამართალდამცავებს მოლოტოვის კოქტეილებსა და რკინის ნივთებს ესვრიან. სპეცრაზმელები საპასუხოდ რეზინის ხელკეტებს, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ.

უკრაინის შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სამართალდამცავებს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.

კიევში ძალადობის ესკალაციას ხელი რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ შეუწყო.

უკრაინული ოპოზიცია კიევის ცენტრში უკვე ორი თვეა, რაც აქციებს მართავს. ისინი უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს აპროტესტებენ და ევროინტეგრაციას ითხოვენ.

კომენტარები