რუსთავის მერია

ბეჟაშვილი: რუსთავის მერი თანამდებობებზე ახლობლებს ნიშნავს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, რუსთავის მერიიდან თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. როგორც ბეჟაშვილმა დღეს რუსთავში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რუსთავის მერიის ტერიტორიული მართვის ორგანოებიდან 10 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამასთან, ლევან ბეჟაშვილმა რუსთავის მერს ნეპოტიზმში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ დავით ჯიქია თანამდებობებზე ახლობლებს ნიშნავს.

"ჩვენ მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, სახალხო დამცველს შეისწავლონ პოლიტიკური ზეწოლის ეს ფაქტები და მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია. ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით ასეთი დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს. იმავდროულად, არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ 10 ადამიანის გათავისუფლებით ხდება საბიუჯეტო თანხების ეკონომია. ჩვენი ინფორმაციით, განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა მიიღონ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რუსთავის მერი დავით ჯიქია კი, ბეჟაშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. ჯიქიას თქმით, ტერიტორიული მართვის ორგანოებში დასაქმებულ ექვს თანამშრომელს ნამდვილად შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა, ამის მიზეზი მათი არაკვალიფიციურობა იყო.

"დაახლოებით 5 თვეა ქალაქის მერი ვარ და მათი გათავისუფლება პირველსავე დღეს შემეძლო. ეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება არ არის. ექვსივე თანამშრომელი კონკრეტულ გადაცდომებში იყო შემჩნეული. გავესაუბრე მუნიციპალიტეტების რამდენიმე ხელმძღვანელს და ამ საკითხთან მიმართებაში მათი აზრიც იყო, რომ ისინი არაკომპეტენტურად იქცეოდნენ. ნეპოტიზმშიც მდებენ ბრალს და მინდა აღვნიშნო, რომ მერიის შენობაში ერთი ადამიანიც არ არის ჩემი ნათესავი და ახლობელი. მე ამ ქალქში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი ასაკის ახალგაზრდების 60%-ს მაინც ვიცნობ და ვისთვისაც გამარჯობა მითქვამს, გამოდის, რომ ქალაქში სამსახური არ უნდა შევთავაზო და თბილისიდან უნდა ჩამოვიყვანო კადრები? ამას მე ვეწინააღმდეგები, იმიტომ რომ რუსთავში არის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები, რომლებიც დასაქმდებიან", - აცხადებს დავით ჯიქია.

კომენტარები