დანაშაულის სტატისტიკა

შსს: თბილისში გაიზარდა ნარკოდანაშაულისა და ბინის ქურდობის რაოდენობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო 2013 წელს თბილისში რეგისტრირებული დანაშაულთა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინის გაქურდვისა და ნარკოდანაშაულის რაოდენობა.

IDFI-ის მიერ შსს-სგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში 2013 წლის 11 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ქურდობის 5648 შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის მონაცემებიდან ჩამორჩება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს. 2012 წელს დედაქალაქში ქურდობის 6 443 ფაქტი დარეგისტრირდა.

2013 წლის 11 თვის განმავლობაში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქურდობის თვალსაზრისით დაფიქსირებული კლება არ შეხებია ბინის ქურდობის ფაქტებს. 2013 წლის ზემოთ ხსენებულ პერიოდში დაფიქსირდა ბინის ქურდობის 724 შემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს (443 ქურდობა).

რაც შეეხება თბილისში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტოტრანსპორტის სხვადასხვა გზით (ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა) უკანონოდ დაუფლების ფაქტებს, ისინი დაახლოებით ერთი და იმავე ნიშნულზე მერყეობს.

ზემოთ მოყვანილი ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და ეკონომიკური ხასიათის სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა, შსს-მ IDFI-ს აგრეთვე მიაწოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით თბილისში დაფიქსირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. როგორც ირკვევა, 2013 წლის 11 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული ტიპის დანაშაული გაზრდილია დაახლოებით 4-ჯერ. 2012 წელს თბილისში რეგისტრირებული იყო ნარკოდანაშაულის 766 ფაქტი, 2013-ში კი - 3 384.

IDFI-ის ცნობით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2013 წლის 11 თვეში დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა (18) განახევრებულია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (35). კლებადი ტენდენცია შეინიშნება აგრეთვე მკვლელობის მცდელობის თვალსაზრისითაც - 2013 წლის 11 თვეში დაფიქსირებულია 51 შემთხვევა, რაც წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით განახევრებულია.

განსხვავებული მდგომარეობაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით - 2013 წლის საწყისი 11 თვის განმავლობაში წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ დანაშაულის ყველაზე მეტი რაოდენობა (52) დაფიქსირდა.

2013 წლის 11 თვის განმავლობაში თბილისში დაფიქსირდა ყაჩაღობის 184 შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2012 და 2011 წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, თუმცა მცირედით შემცირებულია 2010 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით.

2013 წლის 11 თვის განმავლობაში ანალოგიური რაოდენობის ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის შესაბამის პერიოდში.

"როგორც გამოჩნდა სხვადასხვა სახის დანაშაულთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება. IDFI მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქალაქ თბილისში დანაშაულის სტატისტიკის დეტალურ გასაჯაროებას და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელი მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულების სტატისტიკის გამჭვირვალობა, მათ შორის, აღნიშნული მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება სამინისტროს ვებგვერდზე", - აცხადებს IDFI.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის მარტიდან დაინტერესებულ პირებზე შეწყვიტა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გაცნობა. უწყება აღნიშნულ სტატისტიკას მხოლოდ დაჯამებული სახით, დეტალური ინფორმაციის გარეშე აქვეყნებს, რაც არ იძლევა ანალიზის საშუალებას, თუ რა ტიპის დანაშაული იკლებს ან იმატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

კომენტარები