ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: ჩემი მეუღლის წინააღმდეგ პატარკაცული ქმედებები დაიწყეს

Reuters

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი გაგრძელდა. სხდომაზე, ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ. დაცვის მხარის განცხადებით, ვერცერთი მოწმე მერაბიშვილის ბრალეულობას ვერ ადასტურებს. ადვოკატების შეფასებით, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრებზე ზეწოლა გრძელდება, რასაც, მათი თქმით, მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას პროკურატურაში დაბარება ადასტურებს. ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა პროცესის დაწყებამდე გაიხსენა მერაბიშვილის განცხადება, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გაყვანის შესახებ გააკეთა. ჩივიაშვილის თქმით, ყოფილმა პრემიერმა მაშინ აღნიშნა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა დაიწყებოდა.

“სწორედ ეს ხდება მერაბიშვილის მეუღლის პროკურატურაში დაბარებით”, - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, თაკო სალაყაია პროკურატურაში დღეს მეორედ დაიბარეს, პირველად – პოლიციელების ცემის ფაქტზე, ამჯერად კი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე. 

თავად ვანო მერაბიშვილი კი, მეუღლეს პროკურატურაში დაკითხვისას მხნეობას უსურვებს და საკნიდან უთანაგრძნობს. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მერაბიშვილმა განაცხადა და სასამართლო დარბაზი დატოვა. მერაბიშვილის თქმით, სალაყაიას დაკითხვაზე დაბარება მასზე ზეწოლის გაგრძელებაა.

"ყაჩაღმა პროკურორმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნარკომანმა ხელმძღვანელმა აღასრულეს ის მუქარა, რომელიც ჩემი ციხიდან გაყვანის პერიოდში არსებობდა. ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა, უსუსური ქცევა. ყველამ დაინახა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია. ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი პატარა ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან. ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. ზეწოლა ხდება ჩემს ნათესავებზე, მათ შორის, ბიძაჩემის პროცესი ამ დროისათვის მიმდინარეობს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ამით გამტეხავენ და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ დაიწყეს პატარკაცული ქმედებები“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მან შუამდგომლობა დააყენა, რომ დაცვის მხარეს მიეცეს საშუალება, 26 მაისის საქმეზე დასაკითხ მოწმეებს ვიდეომასალები წარუდგინოს. ამის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

ვანო მერაბიშვილს პროკურატურა 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კომენტარები