თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს პრესსამსახური: შიხიაშვილმა აიძულა მერია გაენათებინათ ანძა

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით, ვითარებაში გარკვევის მიზნით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოში შეხვდა შპს სინათლის ქალაქის დირექტორ ნიკოლოზ ტოგონიძეს.

"მასთან გასაუბრების შედეგად დადასტურდა დღეს საკრებულოს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ანძის განათებასთან დაკავშირებით არ არსებობს ფინანსური პრობლემები და სინათლის ქალაქის ხელმძღვანელობამ უშუალოდ თბილისის მერიიდან მიიღო ანძის გამორთვის ზეპირი ბრძანება. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სატელევიზიო ანძის განათება კვლავ აღდგენილიყო, რასაც თბილისის მერია აბსოლუტურად არ მოელოდა. ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მივიდა ადგილზე და მერიის ხელმძღვანელობის უკანონობა აღკვეთა და აიძულა გაენათებინათ ანძა.

როდესაც ადგილზე მისული თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე მიხვდა თავის უსუსურ მდგომარეობას, შეეცადა ანძის განათების გადაწყვეტილება მერიის დამსახურებად გაესაღებინა. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მერიის მესვეურთა უტიფარი სახე, რომელებიც სამწუხაროდ იმართებიან ნაცმოძრაობის ცენტრალური ოფისიდან ბრალდებულ უგულავას მიერ და არა მარიონეტი სევდია უგრეხელიძისგან.

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა, რომ ანძის განათების გამორთვა არის წმინდა წყლის საბოტაჟი და პოლიტიკური შანტაჟი, რაც მიმართულია თბილისელების წინააღმდეგ", - ნათქვამია თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკრებულოს პრესსამსახური ასევე ავრცელებს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის კომენტარს.

"თბილისის მერიის ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ თბილისელებს გაუჩინონ შეგრძნება, თითქოს ქალაქში ყველაფერი მიდის უარესობისკენ იმის გამო, რომ საკრებულომ ბიუჯეტი არ მიიღო. მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ წლიური ბიუჯეტის 1/12 სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ყველა სამსახურმა გამართულად იმუშავოს, ვიდრე ბიუჯეტი არ დამტკიცდება. სინათლის ქალაქის ხელმძღვანელიც ადასტურებს, რომ მას არ აქვს არანაირი ფინანსური პრობლემა და ანძის განათების გამორთვის ბრძანება უშუალოდ მერიის ხელმძღვანელობისგან მიიღო. თუ მერია მიმართავს საბოტაჟს და მისი რომელიმე სამსახურის უფროსი შეეცდება ქალაქში ფსიქოზის დანერგვას და შანტაჟით იხელმძღვანელებს, ამაზე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ასე ავანთებთ, რასაც ჩააქრობენ და ასე ავაშენებთ, რასაც გააფუჭებენ. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ წერტილს სექტად ქცეულ ნაცმოძრაობას, დანარჩენი კი თბილისელებმა გადაწყვიტონ", – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

20 იანვრის საღამოს თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათება რამდენიმე საათით გამორთული იყო.

თბილისის მერია აცხადებს, რომ ანძის გამორთვა დროებითი ღონისძიება იყო.

"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია", - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები