სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ანსარ ალ-სუნა სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტებით იმუქრება

ისლამისტური დაჯგუფება ანსარ ალ-სუნა სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტების განხორციელებით იმუქრება. დაჯგუფების ორი წევრის ვიდეომიმართვა ისლამისტი ექსტრემისტების ვებგვერდ - ვილაიათ დაღესტანზე გამოქვეყნდა. ტერორიზმის მონიტორინგით დაკავებული ამერიკული ინტერნეტრესურსის ინფორმაციით, ვიდეოში ვოლგოგრადის ტერაქტებში მონაწილე პირები სულეიმან და აბდულ რაჰმანები არიან აღბეჭდილი. ისლამისტები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც მიმართავენ.

"ოლიმპიადისთვის, რომელიც შენ ასე გინდა, შენთვის საჩუქარი გვაქვს. შენ მოქმედების შენი გზა გაქვს, ჩვენ ჩვენი გზით ვიმოქმედებთ. შენთვის და იმ ტურისტებისთვის, რომლებიც იქ მოვლენ, საჩუქარი გვაქვს მომზადებული. იმ უდანაშაულო მუსლიმური სისხლის გამო, რომელიც დღეს ავღანეთში, სომალიში, სირიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღვრება, ჩვენ შურს ვიძიებთ", - ნათქვამია მიმართვაში.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ვოლგოგრადში ორი ტერაქტი განხორციელდა, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.
განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, სოჭში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, უსაფრთხოებას სოჭში დაახლოებით ძალოვანი სტრუქტურების 40 ათასი თანამშრომელი დაიცავს. ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შემოღების შემდეგ, ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა.

კომენტარები