უკრაინა

კლიჩკომ მოქალაქეებს მაიდანზე შეკრებისკენ მოუწოდა

უკრაინის პარტია უდარის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობის მისამართით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს მაიდანზე შეკრებისკენ და ბრძოლისკენ მოუწოდა.

"უკრაინაში მოხდა ის, რაც არ მომხდარა მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რაც ხალხს კოშმარულ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა - საბრძოლო მოქმედებები დედაქალაქის ცენტრში. სიტუაცია აქამდე ხელისუფლებამ მიიყვანა, ხელისუფლებამ, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ უსმენდა საკუთარ მოქალაქეებს", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა და ამას საშინელი შედეგები მოჰყვა. მან ყველა მოქალაქესა და პატრიოტს მოუწოდა, მაიდანზე შეიკრიბონ.

"ხელისუფლება მთელი უკრაინიდან მებრძოლებს აგროვებს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტნი ვართ. და ჩვენ ერთად ვიქნებით. აქ უნდა დადგეთ, რათა გაიმარჯვოს უკრაინამ და არა იანუკოვიჩმა", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

კომენტარები