აქციები უკრაინაში

კიევში რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დააკავეს

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ინფორმაციით, კიევში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტები და გადამღები ჯგუფი. ამის შესახებ ტექსტური შეტყობინება ერთ-ერთმა დაკავებულმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, დაკავებისას ჟურნალისტებს სცემეს.

"დღეს დილით ჩვენი კორესპონდენტები იღებდნენ მილიციელებთან დემონსტრანტების დაპირისპირებას კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე და მიუახლოვდნენ მილიციელების კორდონს. ამის შემდეგ ჩვენი რადიოს პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა", - აცხადებს რადიო თავისუფლება.

გასულ ღამეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელის სამიზნე გახდა. სპეცრაზმელმა შენიშნა ჟურნალისტი, რომელიც მას ვიდეოკამერით უღებდა, რის შემდეგაც მას რეზინის ტყვია ესროლა.

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმ ბერკუტს შორის დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, სამართალდამცველების მხრიდან შტურმი არ განხორციელებულა. ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტების რაოდენობამ იკლო. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე 2 ათასამდე მომიტინგე რჩება.

გასულ ღამეს დემონსტრანტებმა ბერკუტის 8 სატრანსპორტო საშუალება დაწვეს. მათ ასევე ბერკუტისგან თავდასაცავად ბარიკადები აღმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები