უკრაინა

კიევში შეტაკებები მიმდინარეობს

hromadske.tv

კიევის ცენტრში ოპოზიციის რამდენიმე ათასმა აქტივისტმა გრუშევსკის ქუჩაზე, მინისტრთა კაბინეტთან მისასვლელ გზაზე მდგარ სპეცრაზმელებს შეუტია. მომიტინგეები პოლიციის ტექნიკის გზიდან მოშორებას და მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გასვლას ცდილობენ.

ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმები - პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს, აქტივისტების მხრიდან კი სამართალდამცველებს ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან.

აქტივისტებს დაშოშმინებას ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ცდილობდა. თუმცა, დემონსტრანტების ნაწილი  აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან უკანონობის მოთმენა აღარ სურთ და ოპოზიციის ლიდერების  ზედმეტად რბილი პოზიცია არ აკმაყოფილებთ.

დღეს ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა, რომელიც „სახალხო რადის“ შექმნას, პრეზიდენტისთვის  უნდობლობის გამოცხადებასა და „სახალხო მთავრობის“ ფორმირებას გულისხმობს.  ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას  ითვალისწინებს. 

კომენტარები