ნათლისღება

სამების ტაძარში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა და ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა.

„დღეს განსაკუთრებით გადმოდის სულიწმინდა და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, ასხუროთ ნაკურთხი წყალი სახლებში , ოჯახებში, ეზო-კარში, საქონელს, ქუჩებს", - განაცხადა ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ქადაგების დროს. "ამით მადლი უფლისა გადმოვა ყველგან და უპირველეს ყოვლისა თქვენზე", - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, სულიწმინდა დღეს გადმოდის ყველა ადამიანზე, ვინც რწმენით, სიყვარულით და სასოებით ელოდება. "რა უნდა აკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ მისი გული, სულიერი სამყარო გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა დაამყაროს კავშირი ზეცასთან, ყოველმა ადამიანმა უნდა დაამყაროს კავშირი წინაპრებთან, რასაც ის დაამყარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუფთა გული აქვს, თუ თვითონ გახდება ტაძარი სულიწმინდისა. დღეს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის გარეშე არაფერი გამოდის. ადამიანმა უნდა იღვაწოს, იმოღვაწეოს სულიერად", - აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები