ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: პატიმრობის არც ერთ შაბათ-კვირას არ შევხვედრივარ ადვოკატებს

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც შაბათს (14 დეკემბერს) და არც კვირას (15 დეკემბერს), ის საპატიმროში ადვოკატებს არ შეხვედრია.

"გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ციხიდან ჩემი გატაცების მეორე და მესამე დღეს, ანუ შაბათს და კვირას, ჩემთან შესახვედრად საპატიმროში იმყოფებოდნენ ჩემი ადვოკატები და მე შემეძლო მათი საშუალებით გამესაჯაროვებინა ჩემზე ზეწოლის ფაქტი. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც შაბათს (14 დეკემბერს) და არც კვირას (15 დეკემბერს), მე საპატიმროში ჩემს ადვოკატებს არ შევხვედრივარ. უფრო მეტიც, პატიმრობის 8 თვის განმავლობაში, არც ერთ შაბათს ან კვირას მე საშუალება არ მქონია შევხვედროდი არც ჩემს ადვოკატებს და არც სხვა სტუმრებს, ვინაიდან დასვენების დღეებში სასჯელაღსრულების 9-ე დაწესებულებაში მნახველები არ დაიშვებიან. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში საპატიმროს ადმინისტრაცია გადახედავს ამ პრაქტიკას და საშუალებას მომცემს დასვენების დღეებშიც მივიღო სტუმრები, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები", - აღნიშნავს მერაბიშვილი.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ტაბულას შეკითხვაზე განაცხადა, რომ 14 დეკემბერს (შაბათს) ვანო მერაბიშვილთან ადვოკატი იმყოფებოდა.

"მე გავაკეთე კომენტარები და აღარ მსურს, იგივეზე ვისაუბრო. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, მე გიპასუხებთ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია. მერაბიშვილთან ადვოკატი შესული იყო შაბათს. მას შეეძლო ამის თაობაზე ეთქვა. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს ეჭვებს, რომ, შესაძლოა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად #7 დაწესებულებაში ვიდეოჩანაწერების გაკეთება ხორციელდება 24 საათის განმავლობაში. ასე რომ, მე კითხვები არ მაქვს, თქვენ თუ გაქვთ, შეგიძლიათ, ეს კითხვები გქონდეთ სამუდამოდ".

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის თქმით, მასთან ადვოკატი არ ყოფილა. - "კითხვები იმსახურებს თუ არა პასუხის გაცემას, რაც საზოგადოებაში არსებობს და რატომ არ იწყება გამოძიება?" - მას ღარიბაშვილმა უპასუხა - "იმსახურებს. ამ კითხვებთან დაკავშირებით გენინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და შედეგები გახადა ცნობილი. თქვენ შეიძლება, გამოძიების შემდეგაც გქონოდათ ეს შეკითხვები. მიზეზი არასდროს დაგელევათ".

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. 

უწყების განმარტებით, 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".

მანამდე, სუბარი ამბობდა, რომ მასალები ათ დღეში იშლება. ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეომასალების ამოღებას პროცედურები სჭირდებოდა და ეს მცირე დროში ვერ მოხერხდებოდა.

ამასთან, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მერაბიშვილთან შაბათ-კვირას (14-15 დეკემბერი) ადვოკატები იმყოფებოდნენ და ყოფილმა პრემიერმა მხოლოდ 17 დეკემბერს გააჟღერა თავისი ბრალდებები.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

კომენტარები